თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა, იუწყება პირველი არხი.
ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა. გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბინაში სახიფათო გაზდანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.
როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახების გადაყვანა სასტუმროებში ხდება დროებით და იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ კონკრეტული ადგილი უსაფრთხოა, მცხოვრებლების დაბრუნება მოხდება.
„ამ წუთებში დაზარალებულების გადაყვანა მიმდინარეობს. ვაკმაყოფილებთ მათ საცხოვრებელი ფართებით, სასტუმროებში დროებით. პარალელურად, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი კონტრაქტორები დაიწყებენ იქ არსებული სიტუაციის დასუფთავებას და აღდგენით სამუშაოებს. მანამდე, როგორც კი ლაბორატორია და სამხარაული გვეტყვის, ისეთ კონკრეტულ ადგილებში, სადაც შესაძლებელია შესვლა და საფრთხეს არ წარმოადგენს, დავიწყებთ ადამიანების დაბრუნებას“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, დაზარალებულ ოჯახებს დაზიანებული ნივთების აღდგენაში დაეხმარებიან.
„მერია და გამგეობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, რაც გაუფუჭდათ, დავეხმაროთ აღდგენაში. თუ სარეაბილიტაციო იქნება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ზოგი ახლობელთან წავიდა, ზოგი ნათესავთან, ამ სასტუმროში 15 ოჯახია. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - შეპირდა მოსახლეობას თბილისის მერი.
მან ასევე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ აღნიშნულ საკითხისადმი მიდგომები გამკაცრებულია.
„სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა კარს არ უღებენ და სახლში არ უშვებენ, რაც ცუდია. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რათა ჩვენი შვილებმა და ოჯახებმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ვიცხოვროთ. ერთი ჩვენი შეცდომით შეიძლება გავაუბედუროთ ძალიან ბევრი ადამიანი. გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება. როგორც გვეუბნებიან, სადაც აფეთქება მოხდა კუსტარულად დაყენებული იყო და ამის გამო მოხდა ეს მძიმე შემთხვევა“, – განაცხადა კალაძემ.
აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთი მამაკაცი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი სამი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.