„ჩვენ ჩვენი პრიორიტეტები გვაქვს“ - გახარიამ ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროს მუშაკებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავენ
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პენსიების გაზრდა, ასევე პედაგოგებისა და სამედიცინო მუშაკების ხელფასების გაზრდა საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქალაქ გორში მასწავლებლებთან შეხვედრაზე.

რა ელის დაგროვებით პენსიებს: სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს >>

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 5 ნოემბერს წარადგენს 2020 წლის საქართველოს ბიუჯეტის შესწორებულ პროექტს, რომელმაც ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია. ისინი ვარაუდობენ, რომ ხელფასებისა და პენსიების ზრდა უკავშირდება ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.

„ბოლო პერიოდში ძალიან გვაკრიტიკებენ ბიუჯეტის შედგენის გამო, სადაც ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ რამდენიმე ფუნდამენტური პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი არის პირველ რიგში ბავშვები, ახალგაზრდა თაობა, ასევე ჩვენი პენსიონერები, რომლებიც ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები არიან. სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამ სოციალურ ჯგუფებს ემსახურება, რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არიან მასწავლებლები, მეორე რიგში ჩვენი მედიკოსები და რა თქმა უნდა ყველაფერს ამას კრავს პოლიცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პედაგოგების, მედიკოსების და პოლიციელების მუშაობას სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სფეროების მუშაკებს რეგულარულად შეხვდებიან.

„ამ შეხვედრებს არ აქვს მიზანი გარდა იმისა, რომ უკეთესად და პირდაპირ თქვენგან შევიგრძნოთ რა ხდება რეგიონში. როგორ მუშაობენ ბატონები, რა სპეციფიური პრობლემები არის ამ დარგში, ამ რეგიონში“, - განმარტა გახარიამ.

ბიუჯეტის პროექტი

ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, 2020 წლის 1 იანვრიდან პენსია 20 ლარით იზრდება, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან 30 ლარით 70 წლის ზემოდ პირთა პენსია გაიზრება.

გარდა ამისა, 1 ივლისიდან 100 ლარით გაიზრდება სასწრაფო დახმარების ექიმების და სოფლის ექიმების ხელფასი.

ეკუთვნის თუ არა საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური პენსია

ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელფასების ზრდას მასწავლებლების, ბაგა-ბაღების პედაგოგების, პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრება 14,2 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორისსა ბიუჯეტო სახსრები - 13 მილიარდი ლარით, ხოლო დაფინანსება დონორების მხრიდან - 1,2 მილიარდი ლარით.

2020 წელს ყველაზე დიდ დაფინანსება მიიღებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.