ნაგვის ურნების ადგილებს ობიექტების დაპროექტების დროს განსაზღვრავენ

ამჟამად მუნიციპალურ სამსახურებსა და მოსახლეობას შორის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნების განთავსების გამო კონფლიქტები ხდება, განაცხადა მერმა.
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ნაგვის კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიების დაპროექტება სამშენებლო პროექტის მომზადების ეტაპზე სავალდებულო გახდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძემ თბილისში ნაგვის ახალი მანქანები წარმოადგინა>>

მერმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესებში შევა. აქამდე მშენებლობის რეგულირების შემუშავების დროს არ იყო გათვალისწინებული ადგილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის, რაც, კახა კალაძის თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„როდესაც განაშენიანების გეგმის დამუშავება ხდებოდა, არ იყო გათვალისწინებული, სად და როგორ უნდა განთავსებულიყო ურნები. ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან შემდეგ, როდესაც პროექტი დამთავრდებოდა, „თბილსერვის ჯგუფს" ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია უწევდა, ხშირად იყო უთანხმოება, სად უნდა მომხდარიყო ურნების განთავსება", – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თვითონ პროექტში იყოს ასახული ყველაფერი – სად უნდა განთავსდეს ურნები და როგორი უნდა იყოს ის.

თბილისს ნარჩენების მართვის გეგმა აქვს

„პროექტის დონეზე უნდა გაკეთდეს, რათა ყველაფერი იყოს თავიდანვე მოწესრიგებული, რომ შემდეგ არ მოხდეს დაპირისპირება და უთანხმოება იქ მცხოვრებ ადამიანებთან", – აღნიშნა მერმა.

მას შემდეგ, რაც კალაძე ქალაქის მერი გახდა, ერთ-ერთი დიდი სფერო, რომელსაც სიახლეები შეეხო, მშენებლობაა. მაგალითად, 2018 წელს მშენებლობის ნორმების დარღვევაზე ჯარიმები თბილისში 3 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე გაიზარდა.

თუ უკანონო მშენებლობა, სამუშაოების შეჩერების შესახებ დადგენილების მიუხედავად, გაგრძელდება, ამაზე პასუხისმგებელი დაჯარიმდება 50 ათასი ლარით 5 ათასის ნაცვლად.