მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა – დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია

ქალს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ოთხი წლის ბავშვი კი დამატებით გამოსაკვლევად ციციშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები გზაზე გადაჰყავდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისთან ავარიაში მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა. ავარიის შედეგად დაშავდა 33 წლის ქალი და ოთხი წლის ბავშვი. რაც შეეხება ორი წლის ბავშვს, რომელიც ეტლში იჯდა, ის დედამ გადაარჩინა.

ოთხი წლის ბავშვს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული, საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დამატებითი გამოკვლევებისთვის ის თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება 33 წლის ქალს, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა და ოპერაცია რუსთავის კლინიკაში ჩაუტარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.