თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა მუხრან ფანგანი, რომელიც თბილისში 20–21 ივნისს მომხდარ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული, იუწყება პირველი არხი.
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური საპატიმროდან გამოუშვეს >>
სასამართლომ ფანგანს 2000 ლარის ოდენობის გირაო მას შემდეგ შეუფარდა, რაც ამ უკანასკნელმა დანაშაული აღიარა.
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იმ ნაწილში ცნო დამნაშავედ თავი, რაც წარდგენილი აქვს და რაც მან ჩაიდინა. მის ბრალდების დადგენილებაში არაფერი წერია ხელისუფლების დამხობაზე ან პოლიტიკურ გადატრიალებაზე“, – განაცხადა ადვოკატმა კახაბერ ხვისტანმა.
როგორც პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა განმარტა, დანაშაულის აღიარების შემდეგ შემცირდა მოწმეებზე ზეწოლის რისკი, ამიტომ ბრალდების მხარე გირაოს დაეთანხმა.
როგორც ცნობილია, 20 ივნისის ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს. შედეგად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.
არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საქმის ფარგლებში დააკავეს 17 ადამიანი, რომელთაგან 15 საპატიმროში მოათავსეს, დანარჩენები კი (მათ შორის, ფანგანი) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.