საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა ანაკლიის პორტის ინვესტორებთან შეთანხმება გაწყვიტოს

მთავრობა მოითხოვს დოკუმენტებს, ხოლო კონსორციუმი მხარდაჭერის არარსებობის შესახებ საუბრობს.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 15 ოქტომბერს არ წარუდგენს მთავრობას სავალდებულო დოკუმენტს, რომელიც ინვესტორის მხრიდან კაპიტალის სრულ შევსებას ადასტურებს, მთავრობას აქვს უფლება გაწყვიტოს მასთან საინვესტიციო შეთანხმება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობითაა დაკავებული. ის ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). თუმცა Conti group-მა კონსორციუმი უკვე დატოვა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" იხურება? >>

„ვინაიდან კონსორციუმის მხრიდან რეკომენდაციის წარმოდგენის ვადა იწურება 2019 წლის 15 ოქტომბერს, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ დღის ბოლომდე და მხოლოდ 2019 წლის 16 ოქტომბერს, ანუ ხვალ გაცნობოთ ამ ვალდებულებების ვადების შესრულების თაობაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ასევე წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ბანკებიდან საკრედიტო დაფინანსების მიღებას ეხება.

2019 წლის ივნისის ბოლოს, საინვესტიციო შეთანხმებაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა ვადა, რათა მან მოიპოვოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება.

მაია ცქიტიშვილი: ფოთის პორტი ანაკლიის პორტს ვერ შეცვლის

„ამავე ცვლილებით განისაზღვრა შუალედური ვადები, კერძოდ, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება, უნდა წარმოადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებისგან 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მეორე ვალდებულების თანახმად, კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომლებიც იქნება მისაღები საქართველოს მთავრობისთვის.

კონსორციუმი გაბრაზებულია

კონსორციუმი ცქიტიშვილის განცხადებებს მტრულად შეხვდა და საპასუხოდ უარი თქვა წარმოადგინოს დოკუმენტაცია.

„არ ვაპირებთ არაფრის ჩაბარებას დღეს. გუშინ აღვნიშნე და ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავით გუშინ იმასთან დაკავშირებით, რომ წარვადგინეთ ხედვა, მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ, მაგრამ დღევანდელი ბრიფინგი ადასტურებს – რეალურად რა განწყობა აქვთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პროექტის ორი ახალი ინვესტორი მოძებნა

გარდა ამისა, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ თუ მთავრობა გაწყვეტს შეთანხმებას კონსორციუმთან, არც ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამ პროექტს არ გაეკარება და ეს პროექტი ძალიან დიდი ხნით გაჩერდება.

ამასთან მან გამოხატა იმედი, რომ მთავრობა გონიერ ზომებს მიიღებს.

„მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა და ყველანაირი მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინა პროექტისთვის, რომ ის წარმატებით განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, რეალობა არის აბსოლუტურად საპირისპირო. მთავრობამ, იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა, საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

ახვლედიანმა გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ დაუჭირა მხარი მთავრობამ ორ ინვესტორს, რომლებიც კონსორციუმმა დიდი ძალისხმევის შედეგად იპოვა.

„ერთი იყო ყაზახურ–ჰონგკონგური ჯგუფი და მეორე – ამერიკული ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს მთავრობამ გაცნობითი შეხვედრისას პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან არ იყვნენ დასავლელი, კერძოდ, ამერიკელი ინვესტორები“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ამერიკელი ინვესტორი მოითხოვდა მარტივ რამეს – მთავრობის მხრიდან უბრალოდ ღია მხარდაჭერას.

„ჩვენ ამავდროულად მოვიყვანეთ ამერიკული ფონდი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით და მოითხოვა წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მათ მონაწილეობას. ამ წერილზე მთავრობა დაგვპირდა, რომ გააკეთებდა და გაუგზავნიდა ფონდს, მაგრამ წერილი ადრესატს არ მიუვიდა“, – განაცხადა ახვლედიანმა.

პოტენციური ინვესტორები

აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკულმა კომპანია Conti group-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ განაცხადა, ამის გამო პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ამიტომ ალტერნატიული ინვესტორის მოძიება – პრინციპული საკითხია საქართველოს მთავრობისთვის.

როგორც ადრე აღნიშნეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება შეუძლებელია ისეთი გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მონაწილეობის გარეშე, როგორიცაა Conti ჯგუფი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ტენდერში კონსორციუმის გამარჯვება მასში სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობამ უზრუნველყო.

პრემიერი: ანაკლიის პორტს სერიოზული ინვესტორები სჭირდება, რომლებიც არ გვყავს

ამ დროისათვის კონსორციუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინა ორი მსხვილი ინვესტორი, რომლებსაც, ამერიკულ SSA Marine-სა და ქართულ TBC Holding-თან ერთად, პოტენციურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კონსორციუმის გაძლიერებაში.

„ამ ეტაპზე კონსორციუმის მხრიდან ოფიციალურად წარმოდგენილია მხოლოდ ორი ინვესტორი. ერთი არის Meridian Capital Limited, ყაზახურ-ჰონგკონგური წარმოშობის კომპანია და მეორე – ჰოლანდიური კომპანია Van Oord, რომელიც ასევე არის წარმოდგენილი კონსორციუმის მხრიდან, როგორც შესაძლო ინვესტორი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გარდა ამისა, კონსორციუმი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა საინვესტიციო ფონდთან.

ცქიტიშვილის თქმით, პროექტის ინვესტორებთან ყველა საკითხი საქართველოს მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს.

„კონტი ჯგუფის“ ჩანაცვლების გარდა, 120 მილიონი დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსება შეიძლება ხდებოდეს სხვა ინვესტორის შემოყვანითაც... ჩვენ გვაქვს ხელშეკრულების დადგენილი ვადა, რათა შევისწავლოთ ინვესტორების ვინაობა, მათი რეპუტაცია, ფინანსური მდგომარეობა და, მათ შორის, შევისწავლოთ ისიც, თუ „კონტის“ ჩანაცვლების შემთხვევაში თავისი გამოცდილებით თუ ფინანსური მდგომარეობით რამდენად შეესაბამებიან სატენდერო მოთხოვნებს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ინვესტორების დოსიეს შესწავლის ვადა Van Oord-ის შემთხვევაში 21 ოქტომბერს იწურება, Meridian Capital Limited-ის – 29 ოქტომბერს.

გრანდიოზული პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ამჟამად ფსკერის დაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.