ქართული კინოს მომავალი – თბილისში თანამედროვე კინოინდუსტრიის განვითარებას განიხილავენ

საქართველოს დედაქალაქში „ფორსაჟ 9–სა“ და სხვა მასშტაბურ კინოპროექტებზე ისაუბრებენ
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ქართული კინოინდუსტრიის პრობლემებსა და პერსპექტივებს განიხილავენ კონფერენციაზე, რომელიც ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში პარასკევს, 18 ოქტომბერს ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ქართული კინო „აზიურ ოსკარზეა“ ნომინირებული

ინიციატივის ორგანიზატორია საქართველოს კინოკლასტერი, შექმნილი ევროკავშირისა და გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით 2017 წელს. კომპანია აერთიანებს კინოინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს.

„2016 წლიდან საქართველოში მკვეთრად იზრდება კინოინდუსტრია. ფილმწარმოების ბრუნვამ 2016 წელს 18 მილიონი ლარი შეადგინა, 2017 წელს – 27 მილიონი, 2018 წელს – 38 მილიონი, 2019 წელს კი მოსალოდნელია ბრუნვის გაზრდა 97 მილიონ ლარამდე. შესაბამისად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არსებული მდგომარეობის სწორად გაანალიზება, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და კინოინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება იქნება“, – აღნიშნავენ კინოცენტრში.

ქართული კინოინდუსტრიის კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი კარლ ჰარცელი, სამხრეთ კავკასიაში GIZ-ის კერძო სექტორისა და ტექნიკური პროფესიული განათლების პროგრამების დირექტორი კატია კამერერი, საქართველოს კინოკლასტერის დირექტორი დავით ვაშაძე, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ხელმძღვანელი თათია ბიძინაშვილი, ქეთი სიდამონიძე (USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა), ნინო დევდარიანი (ქალები კინოსა და ტელევიზიაში კავკასიაში).

მიეცით „ფორსაჟის“ მოგება რეჟისორ კოკოჩაშვილს – რას ითხოვს „ქართული ფილმი“ >>

ასევე სიტყვით გამოვლენ ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები – სოფო ბენდიაშვილი, ლევან ბახია, ვლადიმერ კაჭარავა, კოტე ჩლაიძე (ეროვნული კინოცენტრი), გიორგი ხარებავა (კინოსტუდია „ქართული ფილმი“), ქეთი მაჭავარიანი (რეჟისორი / პროდიუსერი) და ქეთი დანელია (პროდიუსერი).

პანელ დისკუსიაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოში ისეთი ფილმების წარმოების გამოცდილებაზე, როგორებიც არის „ფორსაჟი 9“, „მზის გოგონები“, მასშტაბური ბრიტანული, ამერიკული და ინდური კინოპროექტები.