გაიტაცეს და დახვრიტეს: თბილისში საშიშ დამნაშავეებს ეძებენ

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ საშიშ დამნაშავეებს ეძებენ
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შსს–მ ლისის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცის, გოჩა ვეფხვაძის მკვლელობის საქმე გახსნა, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის სამი პოლიციელია >>

ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა: რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი

საქართველოს შსს–ს მონაცემებით, 6 ოქტომბერს აკაკი გახოკიძის ქუჩაზე ხუთმა კაცმა ძალის გამოყენებით წაიყვანა ვეფხვაძე ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც მას დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ხუთივე დაუსწრებლად მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში განზრახ მკვლელობისათვის.

„ვინაიდან ხუთივე ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში, მათზე გამოცხადებულია ძებნა. მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნა ბორცვაძემ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულის მიზეზი გახდა გარდაცვლილსა და ერთ–ერთ ბრალდებულს შორის წინა დღეს მომხდარი შელაპარაკება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს: დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვისა და ტარების ბრალდებით, რაც 7–დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.