მსოფლიო დღეს

მასობრივი საპროტესტო აქციები ბარსელონაში: დაშავდა 130 ადამიანი

კატალონიის დედაქალაქში მოსახლეობა ამბოხებაში ბრალდებულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ბარსელონაში საპროტესტო გამოსვლების დროს 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, იუწყება РИА Новости გაზეთ El Pais-ზე დაყრდნობით.

ბარსელონაში მასობრივი აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის საქმეზე კატალონიელ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.

ესპანეთის კუნძული ტენერიფე მთლიანად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ამ დღეებში საპროტესტო აქციები გაიმართა კატალონიის დედაქალაქის ცენტრში, ასევე "ელ-პრატის" აეროპორტში. საღამოს აქციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

დაშავებულთა დიდი ნაწილი – 115 ადამიანი ბარსელონის აეროპორტში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი თვალის ტრავმის გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბარსელონის აეროპორტში ასზე მეტი რეისი გადაიდო. ავიაკომპანიებმა მგზავრებს მოუწოდეს, აეროპორტამდე შემოვლითი გზით მივიდნენ.

ორშაბათს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობისთვის 12 პოლიტიკოსს განაჩენი გამოუტანა. ცხრა მათგანს ამბოხება ედება ბრალად, მათ 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. სამ მათგანს კი დაუმორჩილებლობა – მათ სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ. განაჩენის გამოცხადების შემდეგ კატალონიაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.