გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა

საღამოზე „სიჩუმის მაესტროს" საუკეთესო ნაწარმოებები აჟღერდება.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა. საღამო დედაქალაქის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) პარასკევს, 18 ოქტომბერს გაიმართება.

კონცერტზე მაესტროს მიერ სხვადასხვა თეატრალური დადგმისა და კინოფილმისთვის დაწერილი საუკეთესო ნაწარმოებები აჟღერდება.

ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოდან გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ აჟღერდა>>

მსმენელისთვის ასევე შესრულდება მისი „სტიქსი“ – კონცერტი ალტის, გუნდისა და ორკესტრისთვის. ეს ყანჩელის კონცერტის საიუბილეო შესრულება იქნება, მისი პრემიერა ზუსტად 20 წლის წინ ამსტერდამში გაიმართა. ყანჩელმა ეს ნაწარმოები თავის წასულ ახლობლებსა და მეგობრებს მიუძღვნა, ახლა კი თავად ავტორის ხსოვნის საღამოზე აჟღერდება.

„ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე რთული და ემოციური კონცერტი, პირველად მისი დიდი საღამო მის გარეშე... მაგრამ მჯერა, რომ გავაგონებთ ჩვენს ხმას და გავახარებთ, რომ ერთი წუთითაც არ ვიცხოვრებთ მისი მუსიკის გარეშე!!!" – წერს დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი.
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

კონცერტზე გამოვლენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, სამების ტაძრის საპატრიარქოს გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, გორის ქალთა გუნდი თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით.

სოლისტები იქნებიან შემსრულებლები ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, მიშო ჯავახიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი, ალტისტი გიორგი ცაგარელი.

„სიჩუმის მაესტრო" გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.