დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულებს 4 წლით პატიმრობა შეეფარდათ

სამართალდამცველებმა „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები მიმდინარე წლის იანვარში სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლებს თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს  ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მიმდინარე წლის 16 იანვარს მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს 8 დაშავებული, უმეტესობა – ბავშვები.

აფეთქება დიდ დიღომში – დაკავებულია ორი ადამიანი

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს" არაერთხელ შეატყობინეს. სპეციალისტებმა გაჟონვის ფაქტი ვერ აღმოაჩინეს და მოსახლეობას განუმარტეს, რომ მათ ბუნებრივი აირის და საღებავის სუნი აერიათ.

უწყების ცნობით, მიუხედავად კორპუსის მცხოვრებლების არაერთი თხოვნისა, „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. დაახლოებით ორ საათში კი გაჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, რამაც ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის ნგრევა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები 2019 წლის 18 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ორივეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით („გულგრილობა“) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.