თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს დახმარებისთვის არ მოუმართავთ ბარსელონაში ქვეყნის საკონსულოსთვის, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბარსელონაში ქვეყნის კონსულმა ქეთი გოგოლაშვილმა.
ამ დღეებში საპროტესტო აქციები გაიმართა კატალონიის დედაქალაქის ცენტრში, ასევე „ელ-პრატის" აეროპორტში. საღამოს აქციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
„საქართველოს მოქალაქეებიდან საკონსულოში არავის მოუმართავთ, დღეს ქალაქში სიმშვიდეა“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
საქართველოს საკონსულო ბარსელონაში თავის Facebook-გვერდზე აქვეყნებს ბოლო ინფორმაციას აეროპორტისა და რკინიგზის მუშაობის შესახებ, რომლებშიც არეულობების გამო შეფერხებებია.
დაშავებულთა დიდი ნაწილი – 130 ადამიანი ბარსელონის აეროპორტში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი თვალის ტრავმის გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბარსელონის აეროპორტში ასზე მეტი რეისი გადაიდო. ავიაკომპანიებმა მგზავრებს მოუწოდეს, აეროპორტამდე შემოვლითი გზით მივიდნენ.
ორშაბათს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობისთვის 12 პოლიტიკოსს განაჩენი გამოუტანა. ცხრა მათგანს ამბოხება ედება ბრალად, მათ 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. სამ მათგანს კი დაუმორჩილებლობა – მათ სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ. განაჩენის გამოცხადების შემდეგ კატალონიაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.