„ცხვირის წვერზე“ – საქართველოში ისლანდიელი მხატვრების გამოფენა გაიმართება

ქართველ დამთვალიერებელს უჩვენებენ ხელოვნების, იუმორისა და სარკაზმის ნიმუშებს.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ისლანდიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) შაბათს, 19 ოქტომბერს გაიხსნება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.

იგრძენი რომის ატმოსფერო: თბილისი უნიკალურ გამოფენას მასპინძლობს >>

დამთვალიერებელი იხილავს ნახატებს, გრავიურებს, ვიდეორგოლებს, პრინტებსა და ქანდაკებებს – ნამუშევრები 1954-1959 წლებში დაბადებული ექვსი ისლანდიელი მხატვრის მიერ არის შექმნილი. ესენი არიან ინგოლფურ არნარსონი (Ingоlfur Arnarsson), ივარ ვალგარდსონი (Ivar Valgardsson), კრისტინ გ. ჰარდარსონი (Kristinn G. Hardarson), სოლვეიგ ადალსტეინსდოტირი (Solveig Adalsteinsdottir), რადჰილდურ ინგადოტირი (Radhildur Ingadottir) და თიუმი მაგნუსონი (Tumi Magnusson).

„გამოფენის სახელწოდება Nasasjоn ისლანდიურად „ცხვირის წვერზე“ ნიშნავს, ეს კი – როდესაც ადამიანი რაღაცას ეძებს და იკვლევს. ისლანდიელი მხატვრების შემოქმედების გაცნობას თბილისელების გარდა ბათუმელებიც შეძლებენ – თბილისში ექსპოზიციის გახსნიდან ოთხ დღეში, 23 ოქტომბერს გამოფენა ბათუმში გაიხსნება“, – გვიამბო გამოფენის ორგანიზატორმა ანა რიაბოშენკომ.

აღსანიშნავია, რომ პირველად გამოფენა Nasasjоn 2011 წელს გაიმართა ფრანკფურტის წიგნის გამოფენის ფარგლებში. შემდეგ ექსპოზიციას ახალი ნამუშევრები შეემატა და წარმოდგენილი იყო არგენტინაში (2014) და გერმანიაში (2017).

„ანბანთქება": თბილისში უნიკალური ქართული დამწერლობის გამოფენა იხსნება >>

ორგანიზატორების განმარტებით, ისლანდიელი მხატვრები ეკუთვნიან მინიმალისტების მიმდინარეობას, ხოლო მათი შემოქმედება საკმაოდ ბევრ იუმორსა და სარკაზმს შეიცავს. თბილისური გამოფენის კურატორები არიან ისლანდიელი მხატვრები რადჰილდურ ინგადოტირი და თიუმი მაგნუსონი.

თბილისში გამოფენა 12 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.