19 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გოგონამ გაქცევა შეძლო, მამაკაცები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 29 და 28 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალის მოტაცება ვლადიკავკაზში: როგორ გაუვარდა კაცს ხელიდან საცოლე ორჯერ – ვიდეო>>

უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის 19 წლის გოგონას და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

იორმუღანლოს მცხოვრებმა ცოლად მოყვანის მიზნით ბიძაშვილი მოიტაცა

გოგონამ სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას გაქცევა შეძლო, მამაკაცები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.