საქართველოში შეკერილი საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანია Eshvi Kids-ის მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ Eshvi Kids იაპონურ კომპანიასთან Roherman ბიზნეს-კავშირები საერთაშორისო გამოფენაზე Pitti Bimbo დაამყარა. აღნიშნული იაპონური კომპანია ფლობს საბავშვო სამოსის მაღაზიების ქსელს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ აშშ-ში.

ჩაანაცვლე იმპორტი: თბილისში ახალ ქარხანას ააშენებენ

გამოფენა Pitti Bimbo 2019 წლის ივნისში, იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით Eshvi Kids-თან ერთად, კიდევ სამი ქართული კომპანია  „ჟირაფი“, „ანცი“ და „სპილოუ“ იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იგივე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.