თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას არ ტოვებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დღეს, მედიაში დეპუტატ დავით ჭიჭინაძეზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია თურნავა პოსტიდან მიდის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არ დაადასტურეს.
„გავრცელებული ინფორმაცია, ნათია თურნავას შესაძლო ცვლილების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, არის ტყუილი, ყალბი ინფორმაცია“, - განუცხადეს საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ამასთან, თურნავას თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროშიც.
ნათია თურნავა საზოგადოების ყურადღების ცენტრში თბილისის აეროპორტის ყოფილი თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ მოექცა.
ყოფილმა ავიატორებმა და თბილისის აეროპორტის ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია 12 ოქტომბერს გამართეს.
აქციის მონაწილეები 2003 წელს აეროპორტის აქციების ინვესტორისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ. ყოფილი ავიატორების განცხადებით, 2003 წლამდე აეროპორტის აქციებს თანამშრომლები ფლობდნენ, თუმცა მათ უკანონოდ ჩამოართვეს და ტენდერის საშუალებით ინვესტორს გადასცეს.
ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბრისას მფრინავები ირწმუნებოდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აქციები ნათია თურნავამ მოტყუებით გაასხვისა და ისინი წილის გარეშე დატოვა. მათი განცხადებით, ეს მოხდა 2004 წელს, როდესაც ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
ყოფილ მფრინავებს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შეუერთდა.
„მაშინდელი მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც მიწერა ამ ადამიანებს წერილი, რომ ის ჩააყენებდა საქმის კურსში როცა იქნებოდა პრივატიზება, მან ეს პირობა არ შეასრულა“, - განუცხადა მოგვიანებით დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხს“.
„საქართველოს ვეტერანი ავიატორების სახელით პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ დღესაც გააგრძელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელება. საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, რაც შეეხება აღნიშნული ჯგუფის მიერ დღეს მედიაში გავრცელებულ წერილს ავიატორებისადმი, იგი ნამდვილად ეკუთვნის ქალბატონ ნათია თურნავას, მაგრამ დაწერილია 2004 და არა 2005 წელს, როგორც ამას აღნიშნავს დეპუტატი ჭიჭინაძე.
„უფრო მეტიც, ხსენებული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნათია თურნავა იმ დროსაც პრივატიზების პროცესის გამჭვირვალე და სამართლიანი გზით ჩატარების მომხრე იყო, თუმცა და თუ ეს ასე არ მოხდა სამინისტროდან მისი წასვლის შემდეგ, ეს კითხვა ბატონმა დეპუტატმა ნათია თურნავას მისამართით არ უნდა დასვას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას” ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო.
სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული მინისტრის ბიოგრაფიის თანახმად, ნათია თურნავა 2000 წლიდან 2005 წლის მაისამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო; ხოლო 2005 წლის მაისიდან სექტემბრამდე - საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.
ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი 2019 წლის აპრილში დაიკავა.
ყოფილი ავიატორების განცხადებით, ისინი ნათია თურნავას წინააღმდეგ დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ.