ნიკა მელიას საქმე: მოსამართლემ ბრალდებული გააძევა, შუამდგომლობა კი არ დააკმაყოფილა

მოსამართლის თქმით, რისკები, რომლებიც მანამდე არსებობდა ბრალდებული დეპუტატის მიმართ, კვლავ შენარჩუნებულია.
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება ძალაში დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.  

მელიამ გაფრთხილება მიიღო – დაემორჩილება თუ არა დეპუტატი პროკურატურას

დღეს მელიას საქმის პირველი წინასასამართლო განხილვა გაიმართა, სადაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულ მელიას ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან სხვა სახის ღონისძიების შეფარდებას ეხებოდა პირადი თავდებობის გამოყენებით. ნიკა მელიას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" ექვსი დეპუტატი უდგებოდა თავდებში.

მოსამართლის თქმით, რისკები, რომლებიც მანამდე არსებობდა ბრალდებული დეპუტატის მიმართ, კვლავ შენარჩუნებულია, ამასთან, ნიკა მელიამ დღევანდელ პროცესზე წესრიგი დაარღვია – არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას, რითიც მოსამართლე კიდევ მეტად დაარწმუნა იმაში, რომ მსგავს შემთხვევაში „პირადი თავდებები უძლურნი იქნებიან“.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისთვის თავად ბრალდებული დეპუტატი ნიკა მელია დარბაზში არ იმყოფებოდა, ვინაიდან ის მანამდე გააძევა მოსამართლემ დაუმორჩილებლობისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.