თბილისის ქუჩებში ახალი მწვანე ავტობუსები გამოჩნდება

2019 წლის ბოლომდე საქართველოს დედაქალაქში 220 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ქუჩებში მოძრაობას ISUZU-ს მარკის ავტობუსები დაიწყებენ, რომლებიც დიზელის საწვავზე მუშაობენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

100 ახალი ავტობუსი საქართველოს რეგიონებისთვის

მწვანე ავტობუსების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. ქალაქის მერიამ ISUZU-ს მარკის 220 8-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. მათგან 60 უკვე თბილისშია და ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. დანარჩენი 160 ავტობუსი კი ქალაქის ქუჩებში წლის ბოლომდე გამოჩნდება.

„მე პირობა მოგეცით, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინფრასტრუქტურასთან ერთად – მხედველობაში მაქვს გზები, ავტობუსის ზოლები და თავად ავტობუსები – ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ჩვენ ამას მივაღწევთ", – განაცხადა კალაძემ ავტობუსების პრეზენტაციაზე.

მისი სიტყვებით, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის პირველი და მთავარი პრიორიტეტი ავტობუსების პარკის შეცვლაა.

„თქვენ იცით, რომ ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დღეს თბილისს ემსახურებიან, ცუდ მდგომარეობაში არიან, ამოწურული აქვთ ყველანაირი რესურსი. ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისითაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ – ეს ერთი. მეორეც – ამ ავტობუსებით გადაადგილება დიდ დისკომფორტს ქმნის. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ ავტოპარკი თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით, რომლებიც მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს მოემსახურებიან", – განაცხადა კალაძემ.

ავტობუსების ზოლები შუა ნაწილში და დამალული ურნები - როგორი იქნება ახალი ჭავჭავაძის გამზირი

ISUZU-ს მარკის ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ისინი მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირებზე. ავტობუსში არის WiFi, გათბობის თანამედროვე სისტემა, კონდიცირება და ვენტილაცია.

პროექტის საერთო ღირებულება 64,8 მლნ ლარია.

2019 წლის ბოლომდე ქალაქის მერია აპირებს სრულად შეცვალოს ამორტიზებული ავტობუსები, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობის 900-მდე გაზრდას გეგმავს.

ამჟამად დედაქალაქში ყოველდღიურად 600-650 ავტობუსი მოძრაობს. აქედან ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსია 143. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის ავტობუსები დღეში საშუალოდ 109,5 ათას კილომეტრს გადიან და ჩერდებიან 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე.