ქუთაისში პატიმარმა თავი მოიკლა – ინსპექტორს ბრალი წაუყენეს

ციხის ექიმს მომხდარის შესახებ 40 წუთის დაგვიანებით შეატყობინეს.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ სუიციდის ფაქტზე დაწესებულების თანამშრომელს ბრალი წარედგინა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატიმრის თვითმკვლელობის გამო ქუთაისის ციხის დირექტორი გაათავისუფლეს

ინციდენტი საკანში 1 ოქტომბერს მოხდა, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 36 წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. მკვლელობის ფაქტი 27 სექტემბერს ზუგდიდში, სასაფლაოზე მოხდა. სუიციდამდე დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

რაც შეეხება საპატიმროს თანამშრომელს, იგი ელექტრონული მონიტორინგის სამსახურის ინსპექტორი იყო. მას სათვალთვალო კამერების საშუალებით მეთვალყურეობა უნდა ეწარმოებინა, თუმცა მსჯავრდებულის თვითმკვლელობის ფაქტი ვერ შეამჩნია. მომხდარის შესახებ მან ადგილობრივ ექიმს 40 წუთის დაგვიანებით შეატყობინა. შესაბამისად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმკვლელმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე ზეწრით ჩამოიხრჩო თავი.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით, თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

პენიტენციური სამსახურის ინსპექტორმა დანაშაული აღიარა.

მანადე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნული დაწესებულების დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.