უსინათლო მუსიკოსის ვარდისფერი ოცნება, ანუ ბედნიერება, რომელიც ჩვენშია

მაია ლომიძე უსინათლო პიანისტია, რომელმაც არაერთი ადამიანი აღაფრთოვანა თავისი ნიჭით.
Sputnik

დაკვრა ხუთი წლისამ დაიწო. თავიდანვე განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა და მასწავლებელი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. მთელი მისი ცხოვრება მუსიკას და ფორტეპიანოს უკავშირდება. საოპერო მომღერლობაზე ოცნებობს და მიზნის მისაღწევად ძალას არ იშურებს. მაიამ თავისი ცხოვრების და შემოქმედების შესახებ „Sputnik–საქართველოსთან“ ისაუბრა.

- 24 წლის ვარ. დავამთავრე 202-ე საჯარო სკოლა, ასევე ნიჭიერთა ათწლედი. 2018 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით. მეოთხე წელია ვეუფლები კლასიკურ ვოკალს საოპერო განხრით. ვარ სოპრანო და ვნახოთ რა გამოვა, მომავალში მინდა საოპერო მომღერალი გავხდე.

უსინათლო მუსიკოსის ვარდისფერი ოცნება, ანუ ბედნიერება, რომელიც ჩვენშია

- რა ადგილი უკავია მუსიკას თქვენ ცხოვრებაში?

- მუსიკა თვითონაა მთელი ჩემი ცხოვრება. მის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ხუთი წლიდან ამ სფეროში ვარ და ის ჩემი ნაწილი გახდა. იყო პერიოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა, შემდეგ მსახიობობა. ვინაიდან უსინათლო ვარ, ვფიქრობდი, რომ ამას ვერ შევძლებდი, ამიტომ გადავიფიქრე. თუმცა დღეს ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.

- ვინ აღმოაჩინა, რომ მუსიკის ნიჭი გქონდათ?

- ხუთი წლის ვიყავი, საესტრადო სიმღერების სწავლა რომ დავიწყე. ძალიან მარტივად ვიმახსოვრებდი ყველაფერს. ამის შემდეგ ჩემმა მასწავლებელმა დამსვა პიანინოსთან და რაღაც დავალებები მომცა. ყველაფერი კარგად გავაკეთე. მაშინ უთხრა დედაჩემს, აბსოლუტური სმენა აქვს და მიხედეთო. მალევე შემიყვანეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 მუსიკალურ სკოლაში. ცხრა წელი იქ ვისწავლე. ამის შემდეგ გადავედი ნიჭიერთა ათწლედში. შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში.

უსინათლო მუსიკოსის ვარდისფერი ოცნება, ანუ ბედნიერება, რომელიც ჩვენშია

- როგორც ვიცი, სულ ახლახან სოლო კონცერტიც გქონდათ.

- დიახ, მაისის თვეში მქონდა სოლო კონცერტი. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა და ყველა კმაყოფილი იყო. ძალიან ვღელავდი, ღამე არ მეძინა, რადგან საპასუხისმგებლო იყო ეს გამოსვლა ჩემთვის.

- ტრავმა როგორ მიიღეთ?

- ნაადრევად დავიბადე, ხუთთვიანი. ვყოფილვარ ერთი კილო. ინკუბატორში ვიყავი გარკვეული პერიოდი. ჟანგბადმა „გადამიწვა“ თვალის ნერვი. ამას კიდევ ბევრი პრობლემა დაერთო თან და ამის გამო, სამწუხაროდ, მზის სხივი არასოდეს მინახავს. რომ ვთქვა, ამას ძალიან განვიცდი და ვდარდობ, მოგატყუებთ. ერთადერთი, რატომაც განვიცდი, მიჭირს მარტო გადაადგილება. იმდენად მიყვარს სიარული, დედას ხშირად უთქვამს, შენ რომ ხედავდე, სახლში ვერ დაგიჭერდიო. ასევე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ბოლო პერიოდში შეიქმნა საიტი, სადაც ყოველდღიურად ძალიან ბევრი წიგნი ემატება. საბედნიეროდ, აუდიოწიგნები გამოიგონეს და ეს დიდი შეღავათია. მართლა უზომოდ მიყვარს კითხვა, დედა და ბებია ისე მიდგანან გვერდით, იმდენ დროს და ენერგიას მითმობენ, რომ ნამდვილად ვეღარ ვეტყვი წიგნები მიკითხონ. აი, ეს ორი ფაქტორია, რის გამოც გული მწყდება, რომ ვერ ვხედავ.

21 წლის უსინათლო ბიჭი, რომელიც საოცარ მაკეტებს ქმნის: ჯანო ძირკვაძის შემოქმედება

- რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- რამდენიმეს გამოვყოფ. პირველი ეს არის შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“. პირველი სერიოზული წიგნი, რომელიც წავიკითხე, სწორედ ეს იყო. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღემდე მისი გავლენის ქვეშ ვარ. მეორეა ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“. სულ ვიძახი, რომ ედმონდ დანტესი ჩემთვის მამაკაცის იდეალია. მესამეა ვიქტორ ჰიუგოს „კაცი, რომელიც იცინის“.

- თქვენს გონებაში რა ფერებში ხატავთ სამყაროს?

- ო, სამყარო საოცარი რამეა. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია ამაზე. არ დამინახავს, მაგრამ არ ვიცი, რატომ ამოვიჩემე, ორი საყვარელი ფერი მაქვს – თეთრი და ვარდისფერი. ალბათ ამ ფერებში ვხატავ ჩემ სამყაროს.

უსინათლო მუსიკოსის ვარდისფერი ოცნება, ანუ ბედნიერება, რომელიც ჩვენშია

- არახალია, რომ საქართველოში შშმ პირები ძალიან ბევრ პრობლემას და წინააღმდეგობას აწყდებიან. პირადად თქვენ რა პრობლემებს აწყდებით ყველაზე ხშირად?

- ძალიან მწვავედ დგას გადაადგილების პრობლემა. დამოუკიდებლად ვერ გადავაადგილდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვერ ვსარგებლობთ მიწისქვეშა გადასასვლელებით, ზებრა გადასასვლელებით. ასევე დიდი პრობლემაა საზოგადოების ცნობიერება. რომ მხედავენ, ზოგი ისე ვიშვიშებს, ისეთ კითხვებს მისვამენ, გაოცდებით. ერთხელ ავტობუსში ერთი ქალბატონი დაინტერესდა, თმას თავად ვივარცხნიდი თუ არა. ერთმა 50-თეთრიანიც ჩამიდო ხელში, ალბათ ეგონა მოწყალებას ვითხოვდი. ზოგმა ლამის ტირილი დაიწყოს. ჩვენ საამისოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე და ეს ნამეტანია. ჩვენ არ გვჭირდება თანაგრძნობა და სიბრალული. საბედნიეროდ, ჩვენი თაობის წარმომადგენლებიდან იგივე რეაქციები არ მოდის. უფრო ძველი თაობის წარმომადგენლები იჩენენ „გადაჭარბებულ სიბრალულს“.

ბევრ ადამიანს უკვირს და უკითხავს, როგორ ვსარგებლობთ სოციალური ქსელით, როგორ ვკითხულობთ, განათლებას როგორ ვიღებთ. არ იციან, რომ უსინათლოებისთვის ალტერნატიული გზები არსებობს.

უსინათლო მუსიკოსის კონცერტი ცეცხლმოდებულ პიანინოზე: მომნუსხველი ვიდეო

- თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად რას მიიჩნევთ?

- ოჯახს. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემ ჩამოყალიბებაში და ყოველთვის მადლიერი ვიქნები მათი. 24 საათი სულ მე დამყვებიან. ორი პატარა და მყავს, რა თქმა უნდა, მათაც აქცევენ ყურადღებას, მაგრამ დროის ძალიან დიდ ნაწილს მაინც მე მითმობენ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ძალიან მინდა საოპერო მომღერალი გავხდე და ძალებს არ დავიშურებ ამისთვის. დღეს აქტიურად ვაგრძელებ რეპეტიციებს, მუშაობას და ვნახოთ, იმედია, გამომივა.