თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მაშველებმა ონის მუნიციპალიტეტის ტყეებში დაკარგული ტურისტები იპოვეს და სამშვიდობოს გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე.
სამსახურის ცნობით, ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, გზააბნეულ ტურისტებს დახმარება სჭირდებოდათ.
მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე წამოიწყეს ტურისტების ძებნის ოპერაცია.
„რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად მაშველთა ჯგუფები ტყეში 16 კილომეტრის მონაკვეთზე რამდენიმე საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულ ტურისტებს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საბოლოოდ მაშველებმა საქართველოსა და ავსტრიის დაკარგული მოქალაქეები იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს. ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ორივე პირი თავს კარგად გრძნობს.