ილია II-მ შტაინმაიერის დიპლომატია შეაფასა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. გერმანია ძლიერი და ავტორიტეტული ქვეყანაა, რომელსაც საქართველოში კონფლიქტების მოგვარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება შეუძლია, აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას.

ზურაბიშვილი: შტაინმაიერი ჩამოვიდა როგორც პრეზიდენტი და არა როგორც „ფორმულების მატარებელი“

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული ტერიტორიული მთლიანობის მოუგვარებელი საკითხია.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს. მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ამის ადგილიდან დაძვრა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს", – მიმართა ილია მეორემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

შტაინმაიერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა.

„როდესაც 2008 წლის ივლისში პირველად მოვხვდი საქართველოში, გვინდოდა მოგვენახა გამოსავალი, რათა ეს კონფლიქტში არ გადაზრდილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ შევძელით", – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან დასძინა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „ეძებს გამოსავალს, რათა კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაჭრას".

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შტაინმაიერი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მთავარი განსახილველი თემები იყო საქართველოს ტერიტორიული პრობლემები, ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ნატოსა და ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობა, საქართველოსა და გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა, მათ შორის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და განათლების სფეროში.

გიორგი გახარიას თქმით, შტაინმაიერის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შტაინმაიერს გააცნო საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების გეგმები და საკანონმდებლო ორგანოს პრიორიტეტები.

სამშაბათს შტაინმაიერი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარს დაათვალიერებს. იგი ესტუმრება ასევე კახეთის რეგიონს, სადაც რამდენიმე ღვინის ქარხანას, ალავერდის ტაძარსა და ერეკლე მეორის სასახლეს მოინახულებს.

საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 13 აპრილს დამყარდა. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 50 შეთანხმება, მათ შორის, ფინანსური თანამშრომლობის, თავდაცვისა და დანაშაულთან ბრძოლის, ინვესტიციების ხელშეწყობის, დაბეგვრის შესახებ.

ორ ქვეყანას შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობა. საქართველოსა და გერმანიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით 482 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 0,5%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.