ემიგრანტი ქალის წერილები: „მარტო ის მაშფოთებდა, რომ მალე ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა“

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც... შორს წასულები ოჯახსა და სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. რომ არა ისინი, ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა...
Sputnik

დონა გიორგაძე – უცხო ენების სპეციალისტი, დაოჯახებულია და ცხრა წელია, რაც ემიგრაციაშია. თავის ამერიკულ ისტორიას საინტერესო ამბებად დღიურის სახით წერს და აქვეყნებს სოციალურ ქსელებში. გვსურს გაგაცნოთ მისი პირველივე ჩანაწერი, რომელშიც თავის პირველ შთაბეჭდილებაზე საკმაოდ რეალისტურად მოგვითხრობს...

ემიგრანტი ქალის წერილები: „მარტო ის მაშფოთებდა, რომ მალე ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა“

დონა გიორგაძე: „ვიცოდი, რომ სასტიკად მომენატრებოდა ჩემი შვილების გაოფლილი თმისა და კანის სუნი“.

მე გამიმართლა... ამერიკაში ჩამოსვლის პირველივე დღიდანვე გამიმართლა... უფრო სწორად იმ დღიდან, როდესაც საკონსულოში შევედი ყოველგვარი ყალბი საბუთის გარეშე და მითხრეს „წადი, იგულავეო“. „გულაობის“ რა მოგახსენოთ, მაგრამ იქიდან სულ ფრენა-ფრენით გამოვვარდი და სანამ ტეხასის მიწაზე არ დავდგი ფეხი, 2004 წლის 12 ოქტომბერს, არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. საქართველოში ორი შვილით: სოფო - შვიდი და ლილე - ხუთი წლის, ქირით ვცხოვრობდით ოროთახიან, ფაქტიურად ერთ საძინებლიან ბინაში. იმ ზაფხულს ბინის მეპატრონემ გაყიდვა დააპირა და თუკი რამე თანხა მქონდა ლატარიის თამაშით მოგროვილი, გადავუხადეთ. დანარჩენს წლის ბოლომდე დაგიფარავთ–მეთქი. ის პერიოდი იაფი ბინების დასასრული იყო საქართველოში. რამდენიმე თვეში ბინების ფასი გაორმაგდა და ერთ წელიწადში მსგავსი ბინა $15000 ნაკლებად არ გაიყიდებოდა. მოკლედ, ეს კი იყო კარგი ამბავი, მაგრამ ოჯახური იდილია ვერ იყო მთლად მწყობრში და ამერიკაში წასვლა თუნდაც დროებით, ჩემთვის ერთგვარი შვება იყო.

დეტალებში მახსოვს წამოსვლის ღამე, როგორ წამობოდიალდნენ მძინარე ბავშვები აეროპორტში, მე კიდევ ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დატოვებაზე არასოდეს მიფიქრია. ვიცოდი, რომ სასტიკად მომენატრებოდა ჩემი შვილების გაოფლილი თმისა და კანის სუნი...

ემიგრანტი ქალის წერილები: „მარტო ის მაშფოთებდა, რომ მალე ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა“

გამიმართლა იმიტომ, რომ ბევრი სხვა ემიგრანტისგან განსხვავებით, ჩემი ბავშვობის მეგობართან, მის ქორწილში მივდიოდი. სოფო დაახლოებით ექვსი წელი არ მყავდა ნანახი და მაშინ ეს პერიოდი უსასრულოდ მეჩვენებოდა. იმდენჯერ წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა აეროპორტში, იმდენჯერ ვიკივლე გულში, რომ ესკალატორზე მდგომმა ქვემოთ მომლოდინე სოფო როცა დავინახე, ფაქტიურად ემოციის ნასახი აღარ მქონდა დარჩენილი. საქართველოში უკვე გრილოდა და მე თბილად მეცვა, ტეხასში ჰაერში ზაფხულის სითბო ტრიალებდა. სოფო ჯერ კიდევ იმ ოჯახში ცხოვრობდა, სადაც ბავშვების მომვლელად მუშაობდა და მეც იქ მიმიყვანა, ანუ ქორწილამდე ორივე იქ ვრჩებოდით. ქართულ რეალობას არ გაცილებული, აზრადაც არ მომივიდოდა, რომ უზარმაზარ სახლში ყველას საკუთარი აბაზანა ექნებოდა. რაც მკაფიოდ მახსენდება იქაური სუნია, რაღაცნაირი ახლისა და სისუფთავის. ფეხსაცმელს რომ ტურტლი და მტვერი არ ედებოდა – ამაზე გავრეკე. ზუსტად ისე იყო, როგორც ფილმებში მინახავს, გაწკრიალებული ბოტასებით შემეძლო გარეთ მერბინა და მერე ლოგინზე წამოვკოტრიალებულიყავი.

ქორწილი არნახული იყო, ისეთი, მხოლოდ ფილმებში რომ მენახა. პატარძლისა და მისი დაქალების სასტუმროში მომზადება თავის შამპანიურ-ლანჩიანად, ცერემონია მდელოზე და ბევრი ცეკვა და მუსიკა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ უნამუსოდ მოვითხოვე მიკროფონი და რა ვიბოდიალე აზრზე არ ვარ, მხოლოდ ის მახსოვს, ბოლოს ყველა ტაშს მიკრავდა და ჯორჯიას გაიძახოდა...

ემიგრანტი ქალის წერილები: „მარტო ის მაშფოთებდა, რომ მალე ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა“

ორი კვირის განმავლობაში სოფომ მაქსიმალურად მომატარა ყველაფერი. მიყიდა პირველი ადამიანური ლიფი, პირველად გავსინჯე სუში და გამდნარ კარაქში ჩაწობილი ლობსტერი. ყველაფერი მომწონდა, თვით კონტეინერების მაღაზიებში ბოდიალიც კი. მახსოვს ყველაფერს საქართველოს ფასებს ვადარებდი და სირცხვილისაგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი, როცა სოფო უამრავ ფულს ხარჯავდა ჩემთვის რაღაცეების ყიდვაში. იმაშიც გამიმართლა, რომ ნიუ-ჯერსიში მყავდა ბავშვობის მეორე მეგობარი, რომლის პატარა, მაგრამ სტუმართმოყვარე სახლის კარი ჩემთვის ფართოდ იყო გაღებული. გამიმართლა, რომ ქეთის დახმარებით რამდენიმე ინტერვიუზე ვიყავი და სულ რამდენიმე დღეში დავიწყე სამსახური. ყველაზე მეტად ალბათ კიდევ ის გამიმართლა, რომ მოვხვდი ოჯახში, სადაც მამა და ორი პატარა გოგო ცხოვრობდა. ბავშვების დედა მოსალოცად იყო ჯანდაბაში წასული (ძალიან გაურკვეველი სექტის წევრი იყო, დატოვა შვილები და „ღვთის გზას“ დაადგა, მერე რამდენიმე თვეში დაბრუნდა, მაგრამ სახლში აღარავინ მოუშვა). ჰოდა, ეს ჩვენი ერიკი (მამა) მთელი დღე მუშაობდა, მე კი პატარა გოგოების დედაც, მომვლელიც, მასწავლებელი და ყველაფერი ვიყავი. რამდენიმე დღეში ბავშვები ისე შემეჩვივნენ, კალთიდან ვეღარ ვიგლეჯდი და დედა აღარ ახსოვდათ.

ემიგრანტი ქალის წერილები: „მარტო ის მაშფოთებდა, რომ მალე ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა“

მახსოვს, როცა პირველ ღამეს მარტო დავრჩი ჩემთვის გამოყოფილ საძინებელში, როგორ ვიგრძენი, რომ ჩემი შვილები მენატრებოდნენ. ჯერ კიდევ არ ვიცოდი წინ რა მელოდა და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. პირველად მაშინ ვიტირე ბალიშში თავჩარგულმა... საბედნიეროდ, გამიმართლა და მალე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. ერიკი ძალიან სასაცილო, მაგრამ უკეთილშობილესი ადამიანი იყო და ერთი თვის შემდეგ გამოვუტყდი ინტერვიუს დროს მოგატყუე სამი წელი კი არა, ორი თვეა რაც აქ ვარ–მეთქი. თუმცა იმ დროს ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მისთვის მთავარი იყო, რომ მისი შვილები საიმედო ხელში იყვნენ და საჭმელი არ აკლდათ. ნელ-ნელა წერა-კითხვა და მათემატიკის სწავლაც დავიწყეთ. ჩემი დილა ასე იწყებოდა – ბავშვებს გავამზადებდი დილით, ჩაცმა, დაბანა, კბილები, საუზმე, მერე ყავას მოვიდუღებდი და საქართველოში ჩემს გოგოებს ვურეკავდი, რომ მათი ხმა გამეგონა – ეს იყო ჩემი რიტუალი...

ემიგრანტი ქალის წერილები: „მარტო ის მაშფოთებდა, რომ მალე ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა“

გამიმართლა, რომ საქართველოში დაბრუნებამდე ორი თვით ადრე გავიცანი დევიდი, რომელმაც ნიუ-იორკის მუზეუმები მომატარა და პირველად მაშინ ვნახე ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების ნამუშევრები ორიგინალში. საკმაოდ სიურრეალისტური მომენტი იყო. დავბოდიალობდით ისეთ ადგილებში, სადაც მხოლოდ ადგილობრივი ნიუ-იორკელები დადიან და არა ტურისტები, სადაც იგრძნობა ამ ქალაქის ისტორია და ხიბლი. მოვიარეთ ჯაზ-კლუბები, რომლის კედლებშიც მუსიკის ისტორიას გრძნობ. იმ დროს კონკიას გმირად ვგრძნობდი თავს და მხოლოდ ის მაშფოთებდა, რომ ცოტა ხანში ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა და მე ისევ იმ უბადრუკ რეალობას უნდა დავბრუნებოდი...

მიუხედავად შიშისა, მაინც დავბრუნდი, რადგან სხვანაირად ვერანაირად დავალაგებდი სიტუაციას, ბავშვების მიტოვება დიდი ხნით არ მინდოდა, არც ვიზის დარღვევა. 2005 წლის აგვისტოს, ზუსტად ჩემს დაბადების დღეს, სულ ტირილ-ტირილით გამაცილა დევიდმა აეროპორტში და ბოლო წუთამდე მემუდარებოდა არ წავსულიყავი. ასე დასრულდა ჩემი პირველი ვიზიტი ამერიკაში, ქვეყანაში, რომელმაც ჩამიხუტა, მომეფერა, ფული გადამიხადა, თვალები ამიხილა, უამრავი საინტერესო რამ მასწავლა და დროებით უკან გამომისტუმრა. საჭირო და აუცილებელი ცვლილებების დრო იყო და ჩემს გარდა ამას ვერავინ გააკეთებდა...