თბილისში ტაქსით მგზავრობის ფასი დაიწევს! – გამართლდება თუ არა კალაძის მოლოდინი

დედაქალაქის მერს ტაქსის რეფორმის უარყოფით კონტექსტში გამოყენება დაუშვებლად მიაჩნია.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსით მომსახურების საფასო პოლიტიკის დარეგულირების პირობა დადო, რაც დედაქალაქში ახალი წესების დანერგვის შემდეგ მომხმარებლისთვის გაუარესდა.

ხელისუფლება ტაქსის მძღოლებს ჯარიმების განულებას ჰპირდება

1 ოქტომბრიდან თბილისში ყველა ტაქსის მძღოლს თან უნდა ჰქონდეს ორიდან ერთ-ერთი კატეგორიის ლიცენზია – А ან В. თითოეული კატეგორიისთვის წესების დაცვას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. მათ მუშაობა მხოლოდ გამოძახებით შეუძლიათ.

რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ტაქსის მძღოლების ნაწილმა მგზავრებისგან ჩვეული საფასურის ნაცვლად უფრო მეტი თანხა მოითხოვა, რამაც მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია – მომსახურების ფასი საშუალოდ 40%-ით გაიზარდა.

„ტაქსების საფასურთან დაკავშირებით განსაკუთრებით პირველ დღეებში იყო პრობლემა, თუმცა ეს თემა რეგულირდება და პრობლემა იქნება მოგვარებული. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ რეფორმის ხარჯზე და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები და ცუდად გამოიყენოს ეს რეფორმა... გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც დღეს ბაზარს წარმოადგენენ. აუცილებლად დარეგულირდება და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს", – აღნიშნა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

კახა კალაძე: „შმაქსი“ „მიიშმაქსება“

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

ტაქსების კატეგორიებად დაყოფისა და ავტომობილების თეთრად გადაღებვის ინიციატივამ ბევრი მძღოლის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ არაერთი აქცია გამართეს, თუმცა, მერიის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის რიგი დათმობების შედეგად მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს.

მერიამ ავტომობილების გადაღებვისა და სალონის ქიმწმენდის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო, თუმცა მხოლოდ იმ მძღოლებისთვის, ვინც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე აიღო. მოგვიანებით გადაწყდა პროგრამის გაფართოება – ამ მომსახურებით სარგებლობის უფლება მიეცათ იმ მძღოლებსაც, რომლებმაც გამოცვალეს ავტომობილი, აიღეს ახალი ლიცენზია და მერიას 2019 წლის 1 ივლისი – 10 აგვისტოს პერიოდში მიმართეს.