სააკაშვილის გატაცების საქმე – უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

სააკაშვილის განცხადებით, იგი ქვეყნიდან უკანონოდ პოროშენკოს ბრძანებით გააძევეს.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის სამხედრო პროკურატურამ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საფუძველზე საქმე აღძრა 2018 წლის თებერვალში მისი გატაცებისა და პოლონეთში უკანონო გადაყვანის ფაქტზე, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სააკაშვილმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავდა განცხადებით მისი გატაცებისა და ქვეყნიდან უკანონო გაძევების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებით განხორციელდა.

„მთავარ სამხედრო პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება შევიდა 2018 წლის 18 თებერვალს მისი გატაცების, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების და მისი პოლონეთში უკანონო გადაყვანის შესახებ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაიწყო სამართალწარმოება", – განაცხადა უწყების პრეს-სამსახურმა Facebook-გვერდზე.

უკრაინაში დაკავებული სააკაშვილის თანამოაზრე ექსტრადირებულია საქართველოში

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩდა. მალე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალქეობა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ გუბერნატორმა არა თუ შეასრულა დაპირება რეგიონის განვითარების შესახებ, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. ხოლო 2017 წლის ივლისში მას მოქალაქეობაც ჩამოართვა.

უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი გააძევა პოლონეთში, რომლის ტერიტორიიდანაც ის 2017 წლის შემოდგომაზე უკრაინაში უკანონოდ შევიდა – პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მომხრეებმა მესაზღვრეების კორდონები გაარღვიეს. მაშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 28 მაისს სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. პოლიტიკოსი უკრაინაში მეორე დღესვე დაბრუნდა.