ჩამოშლილი თმების ქვეშ გაჩენილი სამყარო, ხალხური სიმღერები და ტოჩინოშინი

მის ნახატებსა და გამოძერწილ ფიგურებში ბევრი განსხვავებული თემაა – ქართული ხასიათი, იაპონური მოტივები, რეტრო-ამბები, სტალინი და საბჭოური კინოს პოპულარული სამეულიც კი...
Sputnik

ეკატერინე გაგნიძე თვითნასწავლი მხატვარია, აქვს გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, განსაკუთრებით ადამიანების ხატვა უყვარს გრაფიკაში, თუმცა თავის სათქმელს კერამიკასაც კარგად არგებს...

თელავში, მხატვრების ოჯახში დაიბადა. დედა მხატვარ-მოდელიორი ჰყავს, მამა პროფესიით მხატვარი-არქიტექტორი იყო და ანსამბლ „ჩაკრულოში“ მღეროდა. ოჯახში ხალხურ სიმღერებს ყველა კარგად ასრულებდა. მათ ოჯახურ ანსამბლს თელავში კარგად იცნობდნენ. 

რამდენიმე წელი მღეროდა ანსამბლში „ქალგულო". ამჟამად ტაძარში გალობს, დაკავებულია „ახმეტელის თეატრში”, სადაც მონაწილეობს სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი". განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს გარე სამყაროსადმი, ამიტომ მასთან საუბარი გულწრფელი და, როგორც დღეს ამბობენ, გამჭვირვალეა...

ჩამოშლილი თმების ქვეშ გაჩენილი სამყარო, ხალხური სიმღერები და ტოჩინოშინი

- ეკა, როგორ იქმნება თქვენი ნახატები, რომლებშიც ამდენი განსხვავებული თემაა?

- ჩემი თითოეული დღის შთაბეჭდილება წარმოშობს ემოციას, რომელიც შეიძლება წინაპირობა გახდეს ახალი ნამუშევრის დაბადებისა. გააჩნია როგორ განწყობაზე ვარ, როგორი ამინდია, რა წავიკითხე ან რა ფილმს ვუყურე. ასეთი შთაბეჭდილებებით იქმნება ჩემი ნახატები, რომლებშიც ასახულია ქართული მოტივები, იაპონური თემატიკა და რეტრო–კომპოზიციები.

ჩამოშლილი თმების ქვეშ გაჩენილი სამყარო, ხალხური სიმღერები და ტოჩინოშინი

- სტალინი რატომ შექმენით, ეს საბჭოთა ნოსტალგიის შედეგი ნამდვილად არ იქნებოდა...

- მაქვს სხვა ნამუშევრებიც, რომლებიც საკუთარი სურვილით არ შემიქმნია, ეს საბჭოურ თემატიკას ეხება... სტალინი იყო შეკვეთა, რომელიც კერამიკული საამქროსთვის გამოვძერწე. აგრეთვე კინოფილმის „იღბლიანი ჯენტლმენების" პერსონაჟები, რომლებიც მუშაობის პროცესში კიდევ უფრო შემიყვარდნენ.

ჩამოშლილი თმების ქვეშ გაჩენილი სამყარო, ხალხური სიმღერები და ტოჩინოშინი

- როდის უფრო ან როგორ „მოდიან“ ხოლმე თქვენთან პერსონაჟები?

- მუზები ჩემთან ძირითადად ღამე მოდიან, ღამე ის დროა, როდესაც სახლში სიმშვიდე ისადგურებს და ჩემი შთაგონებაც ფრთებს შლის. მთავარია მაგიდაზე ფურცელი და ფანქარი იდოს, მერე პერსონაჟები თანმიმდევრობით ლაგდებიან ქაღალდის სივრცეში და კომპოზიციაც თავისით იქმნება. უჩვეულო სიტუაციებშიც მრავლად მიხატია. მახსოვს, ბავშვობაში მათემატიკის გაკვეთილებზე მერხზე ჩამოშლილი თმების ქვეშ ჩემი სამყარო მქონდა. უჯრებიან რვეულში ფორმულების ნაცვლად სერიალის გმირებს ვხატავდი...

ჩამოშლილი თმების ქვეშ გაჩენილი სამყარო, ხალხური სიმღერები და ტოჩინოშინი

- ყველაზე ემოციური ამბები ალბათ იმ დროიდან გამოგყვათ...

- ჩემი ბავშვობიდან მართლაც ბევრი რამ მახსენდება. ის ამბები ერთმანეთს ისე ებმება, როგორც ძველი კინოფირის კადრები. ყველაზე ემოციური მაინც მამის ხსოვნაა. ის ხალხური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი იყო და სიმღერა შვილებსაც შეგვაყვარა. ერთხელ, მახსოვს, ჩემ სკოლაში ღონისძიება დაიგეგმა, პედაგოგები სხვა სკოლებიდანაც იყვნენ მოწვეული. იმ საღამოზე მე და ჩემი ოჯახი ვმღეროდით. უფროსმა დებმა მამა ლამაზად გამოაწყვეს და გიტარით ხელში სკოლაში წავედით. მუქი ფარდებით ჩაბნელებულ საკლასო ოთახში სიმყუდროვე იყო გამეფებული. მამა გიტარაზე უკრავდა და ჩვენ ერთად ვმღეროდით ბარათაშვილის „მორბის არაგვის“, „წინწყაროს", „ნამგლურს" და „გარეკახურს“... იყო ტაში და ოვაციები, ჩვენ კი ძალიან ბედნიერები ვიყავით...

ჩამოშლილი თმების ქვეშ გაჩენილი სამყარო, ხალხური სიმღერები და ტოჩინოშინი

- ვიცი, რომ ტოჩინოშინის გულშემატკივარი ხართ, ალბათ ეს გახდა იაპონურ თემატიკაზე ნახატების შექმნის წინაპირობა?

- ძალიან მიყვარს იაპონური კულტურა და ტრადიციები. მათი ზღაპრული არქიტექტურა, დეკორატიული ორნამენტებით გაფორმებული კიმონოები, საოცარი სიფაქიზით შექმნილი კერამიკა, საკურას ყვავილები და საბრძოლო ხელოვნება. ამ უკანასკნელით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული. ხატვითაც ბავშვობიდან ვაკეთებდი გრაფიკულ ნახატებს იაპონურ თემატიკაზე. ახლა ჩემი ნახატების მთავარი გმირი ტოჩინოშინი გახდა. მთელ ოჯახს ძალიან გვიყვარს და ვგულშემატკივრობთ. ტოჩინოშინს ვაჟკაც, ძლიერ და კეთილ პერსონაჟად ვხატავ, ისეთად, როგორიც სინამდვილეშია.

ჩამოშლილი თმების ქვეშ გაჩენილი სამყარო, ხალხური სიმღერები და ტოჩინოშინი

- ძერწვა უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ თუ გრაფიკაში ხატვა, რომელი პროცესია უფრო საინტერესო?

- გრაფიკაში ხატვა ძალიან მიყვარს, თვითონ პროცესიც საინტერესო და სასიამოვნოა. რაც შეეხება ძერწვას, ის უფრო რთული და შრომატევადია. როგორც თვითნასწავლი, სულ ძიების პროცესში ვარ და რასაც ვქმნი, დიდი შრომის ფასად მიჯდება. დასახულ მიზანს თუ მივაღწიე, აი, მაშინ მართლა ნასიამოვნები და გახარებული ვარ.

ჩამოშლილი თმების ქვეშ გაჩენილი სამყარო, ხალხური სიმღერები და ტოჩინოშინი

- ვიცი, რომ სახელოსნოზე ოცნებობთ, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი სახელოსნო და გამოფენა?

- ჩემი სახელოსნო?.. სულ ვოცნებობ, რომ მქონდეს პატარა, ნათელი ოთახი მანსარდზე დიდი შუშაბანდით. მოლბერტზე შემოდებული ტილოთი, კედლებზე ნახატებით. იქ იქნება პატარა, მრგვალი მაგიდა ორი მოწნული სკამით, რომელზეც ჩემს მეგობრებს გავუმასპინძლდები ყავითა და ნამცხვრით. სახელოსნოს სასურველი ატრიბუტები იქნება ცოცხალი კატა, თაროებზე შემოლაგებული ძველებური კერამიკული ჭურჭელი და ოთახის მცენარეები. იმედია, ერთხელაც მექნება ასეთი სამყარო... რაც შეეხება გამოფენას, თუ ოდესმე მექნება, მასზე ჩემთვის საყვარელ ადამიანებს მოვიწვევ. გამოფენაზე აუცილებლად ვიმღერებ ოჯახთან ერთად...

ჩამოშლილი თმების ქვეშ გაჩენილი სამყარო, ხალხური სიმღერები და ტოჩინოშინი

- თქვენი მეუღლეც ხელოვანია, მაინტერესებს, როგორია ორი ხელოვანი ერთ ოჯახში, ალბათ ყოფით პრობლემებს ერთად უფრო ადვილად აგვარებთ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში მუსიკალურ სამსახიობო ფაკულტეტზე, სადაც ჩემი მეუღლე, თანაკურსელი კახაბერ თაფლიაშვილი გავიცანი. სწავლის პარალელურად ოჯახი შევქმენით და დღეს გვყავს ორი შვილი – გიორგი და თორნიკე. ორივე კარგად მღერის, მამაჩემის მსგავსად მათაც ვასწავლი ხალხურ სიმღერებს. ამასთან ერთად ისინი ფოლკლორული ანსამბლი „ჩოხოსნების" წევრები არიან. მშრომელი და მოსიყვარულე მეუღლე მყავს. ისეთი მზრუნველი მამაა, რომლის ბადალი ქვეყნად არ მოიპოვება. ნიჭიერი ხელოვანია და გული მწყდება ყოფითი საზრუნავის გამო თეატრს რომ ჩამოშორდა.

იმედს ვიტოვებ, რომ დადგება დრო, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ერთად დავდგებით თეატრის სცენაზე. ხელოვნება იმაში მეხმარება, რომ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედო. ირგვლივ იმდენი სილამაზეა, იმდენი რამაა ამაღელვებელი და ქაღალდზე გადასატანი, რომ ყოველდღიურ ყოფით პრობლემებზე ფიქრისთვის ცოტა დრო მრჩება...