თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მსახიობი ეკა ჩხეიძე მისი პირადი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს, ინფორმაციას ტელეკომპანია Imedi ავრცელებს.
ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული 56 წლის უჩა მიშველიძე რამდენიმე დღის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ეკა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ მას საფრთხე ემუქრება. როგორც მსახიობი ამბობს, სამაჯური, რომელიც შესაძლოა ბრალდებულს დაუმაგრონ, ამჟამად არ არსებობს.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მსხვერპლების დასაცავად შემაკავებელი ორდერის აღსრულების მექანიზმად სამაჯურის გამოყენების შესახებ ძალაში ჯერ არ შესულა.
„შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ამ საკითხზე, მათ შორის მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმესთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განემარტათ, რა ეტაპზეა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, თუმცა ცალკეული ჯგუფების მიერ თემის არასწორი ინტერპრეტაციით ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", – აცხადებენ შსს-ში.
უჩა მიშველიძე ორი წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას დაჟინებით სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით იმუქრებოდა.
28 სექტემბერს, დღის საათებში ბრალდებული კვლავ დახვდა ეკა ჩხეიძეს საცხოვრებელ სახლთან და პნევმატური იარაღიდან გაისროლა. რის შემდეგაც ჩხეიძემ „112“-ში დარეკა. მიშველიძე ადგილზე დააკავეს.