თბილისის ვიცე-მერი: „გირჩი“ ერთობა, ხოლო „შმაქსი“ დაჯარიმებას ექვემდებარება

ქალაქის ქუჩებში „შმაქსის“ მანქანები უკვე გამოჩნდა. ზურაბ ჯაფარიძე “შმაქსების” იდეას უწოდებს “მოძრავ უნივერსიტეტს” და “საგანმანათლებლო პროექტს”.
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა და თან კარგად ერთობა, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან პოლიტიკური პარტია “გირჩის” ინიციატივასთან დაკავშირებით. 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა დღეს კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს და უმუშევრად დარჩენილ  მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზეს. პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, როდესაც მგზავრი “შმაქსიში” ჩაჯდება, მას იქ დახვდება მასწავლებელი, რომელიც თავისუფლების იდეაზე ესაუბრება. ამ გზით „გირჩი“ ტაქსების რეფორმას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენასაჭიანი ავტომობილი უნდა იყოს. 

თბილისის ვიცე-მერის განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, ერთი წერტილიდან მეორე წერტილზე M1 კატეგორიით, ანუ მსუბუქი მანქანით მგზავრის გადასაყვანად ნებართვაა საჭირო.

„აქ ინტერპრეტაცია იმის, რომ ხდება საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა, თუ რაღაცის ახსნა თუ მოყოლა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. როცა იყენებ მანიშნებელს, მაიდენტიფიცირებელს, რომ მგზავრმა დაგიქნიოს ხელი, ჩაჯდეს და ერთი პუნქტიდან მეორეში გადაიყვანო, ამას კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ახორციელებ მგზავრის გადაყვანას და საჭიროებს ნებართვას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ქალაქის ქუჩებში „შმაქსის“ მანქანები უკვე გამოჩნდა. ზურაბ ჯაფარიძე “შმაქსების” იდეას აფასებს, როგორც – “მოძრავი უნივერსიტეტი” და “საგანმანათლებლო პროექტი”.

„საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების იდეა გვქონდა. ახლა მერიამ თბილისში ასობით ადამიანი უმუშევარი დატოვა. კომპანია “შმაქსი” დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისის მცხოვრებლებს ჩაისვამენ „შმაქსიში“ და მათ განათლებას მიაწვდიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ. 

ჯარიმას არ უშინდება: „გირჩი“ თბილისში ტაქსის რეფორმას ებრძვის

1 ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას გულისხმობს.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.