თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სამოქალაქო აქტივისტებმა, რომელთა შორის იყვნენ ადვოკატები და სამართალდამცველები, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მოითხოვეს.
სკანდალის შემდეგ, რომელიც მსჯავრდებულთა შეწყალების აქტების შემდეგ აგორდა, ზურაბიშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული წესების შემუშავებამდე ის არავის აღარ შეიწყალებს.
„მოქმედი ნარკოპოლიტიკის პირობებში უმორჩილესად გთხოვთ, დროულად გათავისუფლდნენ ნარკოდანაშაულზე დაკავებული პირები (შეძენა-შენახვის მუხლით გასამართლებული ნარკომომხმარებლები) და ასევე პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული ადამიანები“, – ნათქვამია აქციის მონაწილეების მიმართვაში ზურაბიშვილის სახელზე.
პირველ ეტაპზე მათ ხუთი ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი – ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო.
ამან როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის აღშფოთება გამოიწვია. შედეგად გენერალურმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.