თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ოჯახსა და ახლობლებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუსამძიმრა.
გია ყანჩელი: მე ყოველთვის ძალიან მძიმედ და ძალიან ტანჯვით ვწერ მუსიკას >>
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყანჩელს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შაბათს, 5 ოქტომბერს დაკრძალავენ.
„უდიდესი ქართველი მოდერნისტი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალებით მსოფლიო მუსიკალურმა საზოგადოებამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა. გია ყანჩელის მუსიკამ ქართულ თეატრსა და კინოში წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში და ხალხის გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა. მისი მუსიკალური მემკვიდრეობა, თავისი განუმეორებელი ინტონაციით, ერთნაირად ცნობადი და ძვირფასია როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ისე მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში. ქართული საზოგადოების სახელით თანავუგრძნობ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად მუსიკალურ საზოგადოებას“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
სამოქალაქო პანაშვიდი კომპოზიტორის სახლში, გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩის 6 ნომერში 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება. მუსიკოსს 14:00 საათზე თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობიდან გამოასვენებენ.
ყანჩელი იყო კინოფილმებისთვის შექმნილი მრავალი კომპოზიციის ავტორი, მათ შორისაა: „არ დაიდარდო!“ (1968), „ქვევრი“ (1970), „შერეკილები“ (1974), „მიმინო“ (1977), „ქინ-ძა-ძა“ (1986), ასევე სპექტაკლები: „ხანუმა“ (1972), „კავკასიური ცარცის წრე“ (1975), „ჰამლეტი“ (1998) და სხვ.
ეპოქა დასრულდა: გია ყანჩელი გარდაიცვალა >>
ყანჩელი მრავალი პრემიისა და წოდების მფლობელია. იყო საქართველოს სსრ სახალხო არტისტი და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი, ასევე „ნიკას“ მფლობელი ფილმ „ქინძაძასთვის“ შექმნილი საუკეთესო მუსიკისთვის. იყო ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე და რუსეთის კინემატოგრაფისტულ ხელოვნებათა აკადემიის აკადემიკოსი.