როდის გამოემშვიდობება საქართველო გია ყანჩელს

დიდი მაესტრო დღეს თბილისში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. დიდ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შაბათს, 5 ოქტომბერს დაკრძალავენ, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

ჩიტო-გვრიტო, კაცო-მარგალიტო...>>

ცნობილი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. ბოლო დროს ის ხშირად ავადმყოფობდა.

სამოქალაქო პანაშვიდი კომპოზიტორთა სახლში (ტოვსტონოგოვის 6) 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება. ამ სახლში 1904 წლიდან ცხოვრობდა ყანჩელის ოჯახის ექვსი თაობა.

ეპოქა დასრულდა: გია ყანჩელი გარდაიცვალა

მაესტროს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი", პრემია „ნიკე" ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა") დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის" პრემია და სხვ. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია „ნიკას" აკადემიკოსი.