ეკა ბესელიას პროკურატურაში ელოდებიან: რომელ ყოფილ თანაპარტიელს „გაწირავს" დეპუტატი?

დეპუტატი ამტკიცებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საქართველოს პროკურატურაშია დაბარებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi-2.

ბესელია: ვანო ზარდიაშვილი ერთ-ერთია, ვინც მონაწილეობდა ფარული კადრების გავრცელებაში

ბესელიას უწყებაში მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების გამო ელოდებიან. საუბარი ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ზეწოლასა და შანტაჟს.

პარალელურად ეკა ბესელია საგამოძიებო უწყებისთვის ყოფილი თანაგუნდელების შესახებ აპირებს ინფორმაციის მიწოდებას. ის ამტკიცებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მათ შორის, ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც ბესელიამ ყოფილ თანაპარტიელს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრ ვანო ზარდიაშვილს სახეში ხელი ჰკრა.

ინციდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენის დროს მოხდა. ბესელია იმან გააბრაზა, რომ ზარდიაშვილმა საუბრისას იგი დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ერთად ნეგატიურად მოიხსენია და მის მორალზე წამოისროლა რეპლიკა.

პირი, რომელმაც პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელა, პასუხისგებაში მისცეს

დაპირისპირება გედევან ფოფხაძის კითხვას მოჰყვა, როცა მან ზარდიაშვილის მორალზე წარმოთქვა რეპლიკა. ზარდიაშვილმა კი გედევან ფოფხაძეს მიმართა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ". სწორედ ზარდიაშვილის ამ რეპლიკას მოჰყვა ეკა ბესელიას გაღიზიანება.

ბესელიას ირგვლივ სკანდალი მაშინ გაღვივდა, როდესაც 28 იანვარს სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები გაჩნდა. იმავე დღეს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომლის ფარგლებშიც 19 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ვიდეოჩანაწერს ინახავდნენ და მას მობილური აპლიკაციისა და სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებდნენ.

როგორც მაშინ უწყებამ განმარტა, კადრები ფარულად, უკანონოდ 2012 წლის მაისშია გადაღებული, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებული არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ბესელიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ჩანაწერები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის, ანუ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე პერიოდშია გაკეთებული.