სტიქია დასავლეთ საქართველოში: სპეციალისტები მიყენებულ ზარალს ითვლიან

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან, იუწყება პირველი არხი.

მდინარეები ქუჩებში და დატბორილი საავადმყოფოები: როგორ ჩაიარა ღამემ ქუთაისში >>

გავრცელებული ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ ქუთაისი და გურიის შვიდი სოფელი დააზარალა.

უხვი ნალექის შედეგად, ოზურგეთში დაზიანდა სახიდე გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, წაღებულია საყანე ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი, დახოცილია შინაური ფრინველი.

პრობლემები შეიქმნა სოფლებში – შემოქმედი, გომი, წითელმთა, ბახვი, ვაკიჯვარი, ბოხვაური და ცხემლისხიდი.  დაიტბორა ოზურგეთის ქუჩებიც.

„უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ბევრი უბანი. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორეს საკარმიდამო ნაკვეთები. სამუშაო ჯგუფები დილიდან არიან გასულები პრობლემურ ადგილებზე და ახლაც მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, -განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ.

ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა - ვიდეო

რაც შეეხება ქუთაისს, იქ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა გაწმენდითი სამუაოები ავტოქარხნის დასახლებაში. ამ წუთებში კი „სპეცსერვისების“ თანამშრომლები წერეთლის და ფოთის ქუჩებზე მუშაობენ.

სპეციალურ შტაბის ცხელ ხაზზე 234 შეტყობინებაა შესული. წყალი სარდაფებსა და პირველ სართულებზე შევიდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ზარალის დათვლა უახლოეს დღეებში დაიწყება და ქუთაისის მერია დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.