საუბარია პროფესიონალ ფოტოხელოვანზე სერგო ედიშერაშვილზე, რომელიც „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის მთავარი რედაქტორი გახლდათ. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა „როიტერთან“, „ასოშიეიტედ-პრესთან“ და მსოფლიოს მრავალ სხვა ცნობილ გამოცემასთან. საქართველოსა და უცხოეთში არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა ჰქონდა. გამოცემული აქვს 18 წიგნი საერთო სახელწოდებით „მოგზაურობა საქართველოში“.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მის საქმიანობაში ის გახდა, როცა 1985 წელს ის 34 წლის ასაკში მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორთა შორის დასახელდა.
- ბატონო სერგო, სტაჟიანი ფოტოგრაფი ხართ, ალბათ ბნელ ოთახში ფირების გამჟღავნებით დაიწყო ყველაფერი...
- პროფესიონალურ ფოტოგრაფიას თუ მეკითხებით, ზუსტად 50 წელი ვარ ამ პროფესიაში. ჩემი ფოტოები „ნორჩ ლენინელში“ იბეჭდებოდა. მაშინ ფოტოფირი სწორედ ისე მჟღავნდებოდა, თქვენ რომ ახსენეთ. მამას ჰქონდა ფოტოაპარატი „ზორკი“, მის მერე „ფედი“ ვიყიდე და იმით ვიღებდი. ერთი და იგივე აპარატი იყო, ოღონდ განსხვავებული სახელწოდებით. დღემდე უამრავი კადრი მაქვს გადაღებული.
- თქვენ სამთავრობო დელეგაციებს დაჰყვებოდით და ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი...
- ინდოეთის გარდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველგან ვარ ნამყოფი.
- ტუმბა იუმბაშიც?
- კი, ბატონო, მანდაც ვარ ნამყოფი. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფი ვიყავი და მას სულ თან დავყვებოდი. სიმართლე გითხრათ, ქვეყანას ნორმალურად ვერც ვნახულობდი. საღამოთი თუ გავიდოდით სადმე ბარში ან კაფეში, სადაც ვისადილებდით. მორჩა, ეგ იყო ჩვენი უცხო ქვეყანაში „გაგულავება“.
- ანუ მარტო შევარდნაძეს იღებდით პროფილსა და ანფასში?
- მართლა ეგრე გამოდის... ედუარდის ყველა ვიზიტს მარტო მე ვაშუქებდი. მასთან რეზიდენციაში სტუმრად ედუარდის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ავდიოდი. ჩემი ნახვა მართლა უხაროდა, იმიტომ რომ ძალიან შეხმატკბილებული ვიყავით. მისი ჟესტების ენაც ვიცოდი. ფოტოებს რომ ვუღებდი, შემუშავებული გვქონდა, როცა ამომხედავდა და მზერას გამისწორებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ გეყო გადაღებაო. ამიტომ ზუსტად ვიცოდი გადაღება როდის დამესრულებინა...
- თუ შეიძლება, გაიხსენეთ წლების წინანდელი ამბავი, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფებს შორის დასახელდით...
- არის ასეთი ამერიკული ფირმა „კოლენსი“, რომელიც უშვებდა წიგნების სერიალს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრებიდან ერთი დღის ამსახველი ფოტოები შედიოდა. ამ პროექტში მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტოგრაფი იღებდა მონაწილეობას. პროექტს, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი, ერქვა „ერთი დღე საბჭოთა კავშირის ცხოვრებიდან“. კონკურსი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამოცხადდა.
- მაშინ ფოტოები საქართველოში რატომ არ გადაიღეთ?
- ამ პროექტში საქართველოსთვის ფოტოებს არ ვიღებდი, იმიტომ რომ მათი სტრატეგია იყო ასეთი. საქართველოში მცხოვრებს საქართველო არ უნდა გადაეღო. მე გავემგზავრე ციმბირში, ტომსკის ოლქში, სადაც ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტოები გადავიღე. აქ იყო ყველაფერი, ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი სრული კადრები, დაწყებული სკოლიდან, ქორწილით დამთავრებული. სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს პროექტი მხოლოდ ერთი დღის გადაღებას ითვალისწინებდა. ამიტომ ერთი დღე ჩავფრინდი, მეორე დღე გადაღება იყო და მესამე დღეს, დილით უკან გადმოვფრინდი.
- საქართველოში ვინ იღებდა ფოტოებს ამ პროექტისთვის?
- არის ასეთი ამერიკელი ფოტოგრაფი ოლგა შალიგინა, რომელიც, თუ არ ვცდები, „ასოშიეიტედ-პრესის“ მოსკოვის ბიუროს შეფი იყო. ამ პროექტისთვის საქართველოში მან გადაიღო ფოტოები. იმ პროექტს კიდევ ერთი პირობა ჰქონდა – რაც გადავიღეთ, ის ფირები არ გაგვემჟღავნებინა, პროექტის ორგანიზატორებს შავი მასალა ჩავაბარეთ. სხვათა შორის, მაშინ გადაღებული ფოტოების ჰონორარები ამერიკიდან დღემდე მომდის. თუ რომელიმე ჩემი ნამუშევარი გაიყიდება, მის ჰონორარს აუცილებლად მიგზავნიან.
- თავად თქვენ მიერ გადაღებულ რომელ კადრს გამოარჩევდით?
- ალბათ გაგიკვირდებათ, გულახდილად გეტყვით: ერთი უცნაური თვისება მაქვს – ჩემი ფოტოები არ მიყვარს, იმიტომ რომ მოგვიანებით როცა გადავხედავ ხოლმე, მათზე ბევრ იაღლიშს ვპოულობ და არ მსიამოვნებს.
- შავ-თეთრი ფოტოგრაფიის შარმი რაში მდგომარეობს?
- შავ-თეთრი ფოტოგრაფია კლასიკაა და დღეს, ფერადთან შედარებით, ისინი უფრო ფასობს. იმას არ ვგულისხმობ, ისეთ შემთხვევას, როცა ფერადს გადაიღებ და მერე შავ-თეთრში გადაიყვან. არიან უცხოელი ფოტოგრაფები, რომლებიც მხოლოდ შავ-თეთრ ფოტოებს იღებენ.
- დღეს ვინ და რა ხვდება თქვენ ფოტოობიექტივში?
- მე გულით და მოწოდებით ფოტოჟურნალისტი ვარ და რეპორტაჟების მიმდევარი. ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა ცხელ წერტილებში, სადაც ნამდვილი რეპორტიორის მუშაობაა. პეიზაჟების გადაღება არ მიყვარს და ბოლო დროს დავიწყე, ისიც იმიტომ, რომ ბევრი თავისუფალი დრო დამრჩა.
- პერიოდულად წიგნებს გამოსცემთ ხოლმე...
- უკვე 18 წიგნი მაქვს გამოცემული, მათი ავტორიც მე ვარ. როცა ჩემი წიგნების გამოცემა დავიწყე, ამან ფოტოებიც მოითხოვა, ამიტომ მასში შესული ჩემი ფოტოები თემატურია. ამ წიგნების თემაა „მოგზაურობა საქართველოში“, ამ სახელწოდებას არ ვცვლი. ასე რომ, დღეს ისევ აქტიურად ვარ ამ სფეროში და ისევ ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ...