საქართველოში უფრო ხშირად კვდებიან, ვიდრე იბადებიან – სტატისტიკა

ქვეყანაში დაიანგარიშეს 2019 წლის პირველი ექვსი თვის სიკვდილიანობისა და შობადობის დონე.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2019 წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა – მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში დაიბადა დაახლოებით 23 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 24,5 ათასზე მეტი ადამიანი, იუწყება Ajara TV.

ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში – 7,5 ათასზე მეტი. დედაქალაქი პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის მაჩვენებლითაც – ექვს თვეში გარდაიცვალა 6,4 ათასზე მეტი ადამიანი.

შევცოტავდით – გამოქვეყნდა საქართველოს დემოგრაფიული სტატისტიკა

შობადობისა და სიკვდილიანობის რაოდენობით თბილისის შემდეგ მოდის იმერეთი. ამ კუთხეში ნახევარ წელიწადში დაიბადა 2,8 ათასზე მეტი პატარა და გარდაიცვალა 4,3 ათასზე მეტი ადამიანი.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ანალოგიურ პერიოდში აქ დაიბადა 2,6 ათასზე მეტი ბავშვი და გარდაიცვალა 1,7 ათასზე მეტი ადამიანი.

შესაბამისად, ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი შეინიშნება მხოლოდ თბილისსა და აჭარაში.

გარდაცვლილთა რაოდენობა ჭარბობს დაბადებულების რაოდენობას ყველა სხვა რეგიონში – გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

როგორ იცვლებოდა საქართველოს მოსახლეობა - მონაცემები საუკუნეების მიხედვით>>

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში დაიბადა 24,3 ათასზე მეტი ბავშვი და გარდაიცვალა 23,6 ათასზე მეტი ადამიანი.