ფინანსთა მინისტრი წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას ელოდება

ფინანსთა მინისტრის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ დღეს განხორციელებული ინტერვენცია, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას, მცდარია, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ლარი კვლავ გაუფასურდა: ეროვნული ბანკი 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის

მინისტრის განმარტებით, ხარჯვა არის პასუხისმგებლიანი და ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ ხდება.

ამასთან, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურება გარკვეულმა საგარეო თუ შიდა ფაქტორებმა გამოიწვია, რასაც ეროვნული ბანკი „ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს“.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ დღეს განხორციელებული ინტერვენცია, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

„ის ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ... ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს“, — განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ეს არა მარტო დაასტაბილურებს ლარის კურსს, არამედ ლარი წლის ბოლომდე გამყარებასაც დაიწყებს.

„ეს პროცესი რამდენიმე თვეს გაიწელება, თუმცა პროგნოზები და მოლოდინები ლარის მიმართ არის პოზიტიური. არანაირი ნერვიულობის მიზეზი არ არის“, — განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა. 

დღეის მდგომარეობით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი ლარის მიმართ 2,9552 ლარია.