„ანბანთქება": თბილისში უნიკალური ქართული დამწერლობის გამოფენა იხსნება

ორი ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების სასახლეში ერთი კვირა გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლეში პარასკევს, 27 სექტემბერს უნიკალური ქართული დამწერლობის გამოფენა იხსნება – წარმოდგენილი იქნება ორი კალიგრაფისტის ოთარ მეგრელიძისა და გიორგი სისაურის ნამუშევრები.

გვიანი რენესანსიდან როკოკომდე – თბილისი იტალიელ მხატვრებს უმასპინძლებს

ექსპოზიცია სახელწოდებით „ანბანთქება" (ქართული კალიგრაფიის თანამედროვე მიღწევები)“ ორგანიზებულია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და იმართება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში.

„აღსანიშნავია, რომ ორივე ავტორის ხელოვნებამ მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში აღიარება უკვე მოიპოვა. მიმდინარე წელს კი ხელოვნების სასახლესა და ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხელოვანთა მიერ მომზადებული რამდენიმე ილუმინირებული კალიგრაფიული ნიმუში ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში გაიგზავნება და მოხატულ ხელნაწერთა ფონდში განთავსდება, სადაც, სამწუხაროდ, დღემდე არც ერთი ქართული ილუმინირებული ხელნაწერი არ იყო დაცული", – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ილუმინირებული ხელნაწერები (illumino – ლათ. ვაშუქებ, ვრთავ) – შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნებია, რომლებიც მორთულია ლამაზი მინიატიურებითა და ორნამენტებით.

გიორგი სისაური 23 წლის მხატვარია. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია–კონსერვაციის ოსტატობას. მისი კალიგრაფიული ხელოვნების ნიმუშები გამოიფინა საქართველოში, გერმანიასა და ეგვიპტეში. სისაურის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში, გალერეებში და კერძო კოლექციებში.

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი ფრანკფურტში გამოიფინება>>

ოთარ მეგრელიძე – მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და კალიგრაფისტი. ფერწერასთან ერთად მის შემოქმედებაში ვხვდებით ქსოვილის დიზაინს, ბატიკას, გობელენს, პოპ-არტსა და გრაფიკულ ანიმაციასაც კი.

გამოფენა „ანბანთქება" ია კარგარეთელის №6-ში ერთი კვირა გაგრძელდება.