სოხუმის დაცემის დღე: საქართველომ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთის ოფიციალური თბილისის კონტროლიდან გასვლა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან თბილისში დილიდან ხალხმრავლობა იყო — აფხაზეთის ომში დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად, მათი ოჯახების წევრების გარდა, ასევე მივიდნენ მთავრობის წევრები, დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები.

შეგახსენეთ: სოხუმი ადგილობრივ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო შენობებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

„26 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რა თქმა უნდა, ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე, აფხაზები, ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს ის, რომ იმის გაგება და იმის შეგრძნება, რომ ომი იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ−მინისტრმა გიორგი გახარიამ .

მისი თქმით, მშვიდობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზეთის მოსახლეობისთვის და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ ომი არ არის გამოსავალი.

„შრომა, 24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო — ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ“, — აღნიშმა პრემიერ-მინისტრმა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქართველებმა და აფხაზეთის მოსახლეობამ უნდა გადადგან საპასუხო ნაბიჯები და დაიწყონ დიალოგი.

„დღეს ისე, როგორც არასდროს, აშკარაა, რომ ეს ჩვენი ყველას საერთო ტრაგედია და ტკივილი იყო... დღეს ამ ტკივილით კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა მოიტანა ამ ყველაფერმა — კონფლიქტმა, წლებმა, ოკუპაციამ და გავაცნობიეროთ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ნათელია და საჭიროც, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ... დიალოგისაკენ, ნდობის დაბრუნებისა და თანამშრომლობისაკენ“, — განაცხადა მან.

„უნდა იყოს რეალური შედეგები" – აბაშიძე ქართველი და რუსი მინისტრების შეხვედრაზე

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ მომავალ თაობას უკეთესი მომავალი ჰქონდეს და „აღარასოდეს იხილონ ის, რაც ათასობით გაუბედურებულმა ადამიანმა გაიარა“.

ხსოვნისა და იმედის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს−პატრიარქმა ილია მეოერმ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და მრევლს მიმართა.

„დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს, იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში“, – განაცხადა ილია მეორემ. 

მოგვიანებით პატრიარქმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა.

აფხაზეთის ომად წოდებული შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, თენგიზ კიტოვანის ბრძანებით, ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ეგრეთ წოდებული „აფხაზური“ გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.

ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.