საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო მსოფლიოს ეროვნული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გააცნობს.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო სლოგანით Follow the Journey Of Georgian Characters 16-20 ოქტომბრის პერიოდში წარდგება.

საქართველო ფრანკფურტში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

წელს ქართული პავილიონის ორგანიზატორები არიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, მწერალთა სახლი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით 20-მდე ლიტერატურული და საქმიანი ღონისძიება.

„ათამდე ქართული გამომცემლობა ხუთი დღის განმავლობაში უცხოელ გამომცემლებს სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გააცნობს. ბაზრობის მეორე დღეს კი საქართველოს ეროვნული სტენდი ტრადიციულად უმასპინძლებს საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრებიან", – აღნიშნულია ქართველი ორგანიზატორების განცხადებაში.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა კონცეფციით Georgia Made by Characters. აღნიშნული სტატუსის მიღების შესახებ წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, ოფიციალური შეთანხმება კი 2014 წელს გაფორმდა.

საქართველო ფრანკფურტის ბაზრობიდან „სულიკოთი" გამოაცილეს

შარშან საქართველოს ბაზრობაზე განსაკუთრებული პავილიონი ჰქონდა, რომელიც ქართული ანბანით იყო გაფორმებული. ის აერთიანებდა ქართული ხელოვნების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდებს, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდებს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო, არამედ მთლიანად კულტურის სფეროში. ყოველწლიურად ღონისძიება დაახლოებით 300 ათას სტუმარს მასპინძლობს და დაახლოებით 400 ათას წიგნს წარმოადგენს.

პირველ სამ დღეს ღონისძიებას საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებიან, ხოლო მომდევნო ორ დღეს ის ყველასთვის ღიაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს.