როცა საქმე სიამოვნებაა: ქართველი ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი ორიგინალური ხის ჩანთები

ლევან ჟვანია პროფესიით ინჟინერია, თუმცა სულ რამდენიმე თვის წინ ხის ხელნაკეთი ჩანთების წარმოებას მიჰყო ხელი.
Sputnik

ბატონი ლევანი საქმიანობას მეუღლესთან ნათია დანელიასთან ერთად ეწევა. ამბობს, რომ ყოველთვის სურდა საოჯახო ბიზნესის წამოწყება და ის ფაქტი, რომ ეს შეძლო, დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

როცა საქმე სიამოვნებაა: ქართველი ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი ორიგინალური ხის ჩანთები

- პროფესიით ვარ ინჟინერი და ყოველთვის ვმუშაობდი ამ განხრით. მომწონს ჩემი საქმიანობა და გატაცებული ვარ თანამედროვე ტექნოლოგიებით, სიახლეებით.

რამდენიმე თვეა ხელნაკეთი ნივთების შექმნა დავიწყე. ჩანთების შექმნა ჩემი მეუღლის იდეა იყო, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ვაკეთებთ ღვინის ბოთლების ჩასადებებს, სასაჩუქრე ყუთებს, ასევე ვაპირებთ საკოლექციო მოდელების შექმნას, სათამაშო სახლების, ბავშვების ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების დამზადებას და სხვ. საქმეს მე და ჩემი მეუღლე ერთად ვუძღვებით.

როცა საქმე სიამოვნებაა: ქართველი ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი ორიგინალური ხის ჩანთები

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა პირველად გაუზიარეთ თქვენი ნამუშევრები საზოგადოებას და მათგან რა შეფასებები მიიღეთ?

- თავიდან ცოტა ვინერვიულეთ, რადგან არ ვიცოდით, როგორ შეხვდებოდა საზოგადოება ჩვენ ნამუშევრებს. თუმცაღა დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია მოდელებმა, რამაც ჩვენ სტიმული და მუშაობის ხალისი აგვიმაღლა. გაჩნდა შეკითხვებიც, თუ რამდენად პრაქტიკული და მოსახერხებელი იქნებოდა ჩვენი პროდუქციის გამოყენება ყოველდღიურობაში. ჩვენ მოვახერხეთ იმის ჩვენება, თუ რამდენად მსუბუქი და მოსახერხებელია ჩვენ მიერ შექმნილი ნაწარმის გამოყენება.

როცა საქმე სიამოვნებაა: ქართველი ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი ორიგინალური ხის ჩანთები

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ქართულ ბაზარზე, როგორ მიგიღოთ ქართველმა მომხმარებელმა?

- როგორც აღვნიშნეთ, სულ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე ვართ, თუმცა უკვე გვყავს მუდმივი მომხმარებლები და სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი.

- რა მასალით, რა ტექნოლოგიით იქმნება თქვენი ნივთები?

- ჩვენი პროდუქცია ძირითადად შექმნილია ხის ნაწარმისგან, რომელსაც ვამუშავებთ თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიით.

როცა საქმე სიამოვნებაა: ქართველი ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი ორიგინალური ხის ჩანთები

- დღეს აქტუალური და მოდურია ხის ნივთები?

- ბოლო დროს ძალიან აქტიური და მოდური გახდა ხის პროდუქცია, ჩვენც ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საქმისთვის მოგვეკიდა ხელი. ამასთან შეგვექმნა გემოვნებიანი და დახვეწილი პროდუქცია.

- რამდენად კონკურენტულია ქართული ბაზარი, არის ჯანსაღი კონკურენცია?

- სამწუხაროდ, არ არის იმდენად ძლიერი კონკურენცია, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მარკეტინგული კვლევების ჩატარება.

როცა საქმე სიამოვნებაა: ქართველი ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი ორიგინალური ხის ჩანთები

- ჩანთების გარდა რა ნივთებს ქმნით?

- ამ ეტაპზე მხოლოდ ჩანთები და ღვინის ბოთლების სასაჩუქრე ყუთები გვაქვს, თუმცა უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეებს შემოგთავაზებთ.

- გამოფენებში თუ იღებთ მონაწილეობას?

- ვინაიდან ახალი დაწყებული გვაქვს ჩვენი საქმიანობა, ჯერ არ მიგვიღია არც ერთ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქტიურად ვემზადებით სამომავლოდ.

როცა საქმე სიამოვნებაა: ქართველი ცოლ-ქმრის მიერ შექმნილი ორიგინალური ხის ჩანთები

- საზღვარგარეთაც ხომ არ გაგაქვთ თქვენი პროდუქცია?

- გვაქვს შემოთავაზებები და აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა ქართული ნაწარმი გავიტანოთ საზღვარგარეთ. ყოველთვის მინდოდა საოჯახო ბიზნესის წამოწყება და ის ფაქტი, რომ ეს შევძელით, არის სასიამოვნო და იქნება კარგი მოსაგონარი.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და წინსვლას.