„ჯეოსელის" ოფისის გაქურდვის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავეს

„ჯეოსელის" ოფისიდან არასრულწლოვანმა 22 სექტემბერს ხუთი მობილური ტელეფონი მოიპარა.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა კომპანია „ჯეოსელის" ოფისის გაქურდვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 17 წლის მოზარდი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სერიული ქურდობები ხულოში გახსნილია: 24 წლის კაცმა 78 აგარაკი გაქურდა

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ჯეოსელის" ოფისში 22 სექტემბერს ფარულად შეაღწია, სადაც გასაყიდად გამზადებული ხუთი მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში ბაღდათში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის სახლის ჩხრეკისას მოპარული ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება არაერთგზის ქურდობის ფაქტზე სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.