თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოიწვევს 102,7 ათასი სესხის გაძვირებას, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ვებ-გვერდზე.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7,5 პროცენტამდე გაზარდა >>
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა სექტემბრის დასაწყისიდან უკვე მეორედ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. ამჯერად რეფინანსირების განაკვეთი 7,5%-მდე გაიზარდა.
ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ 10,7%-ით გაუფასურდა. თუ 25 მარტს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ შეადგენდა 2,6822 GEL/$1, 25 სექტემბერს მან უკვე მიაღწია 2,9694 GEL/$1.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეროვნულ ბანკს შეეძლო დაეწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 24 ივლისის სხდომაზე, რაც შეამცირებდა ინფლაციაზე გაცვლითი კურსის ზეწოლას და აღარ იარსებებდა რიგგარეშე სხდომის ჩატარების საჭიროება“, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საერთო ჯამში 5,3 მილიარდი ლარის 102,7 ათასი კრედიტია გაცემული.
1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული კრედიტების რაოდენობა 4,4 ათასით გაიზარდა.
„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება – გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი – სავარაუდოდ, გამოიწვევს ინფლაციის დაახლოებას მიზნობრივ მაჩვენებელთან, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. ასევე გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს ლარში გასაცემ და გაცემულ სესხებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაძვირდება თუ არა საქართველოში გაზისა და დენის გადასახადი >>
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მთავრობა ლარის გაუფასურებას უკავშირებენ „გარე შოკს”, რომელიც ტურისტების რაოდენობის ზრდის გაუმართლებელმა მოლოდინმა გამოიწვია.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.