„საცობებს" ბოლო მოეღო – ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა

ამიერიდან კურორტის სტუმრებსა და ადგილობრივებს „საცობების" პრობლემა აღარ შეაწუხებს.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბაკურიანში სამკილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.

უფრო დიდ სიმაღლეებზე: ბაკურიანში ახალი საბაგირო გზები გაჩნდება>>

გზის მშენებლობა 2018 წლის ივნისში დაიწყო. მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, დამონტაჟებულია სადრენაჟე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები.

„შემოვლითი გზის მშენებლობას კურორტ ბაკურიანის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოვლითი გზის არარსებობის გამო ბაკურიანში ხშირი იყო „საცობები", რაც ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება", – აღნიშნულია განცხადებაში.

შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის ღირებულება 6,3 მილიონ ლარზე მეტია.