საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი საკუთარ თავს კანდიდატად თვითონ წარადგენს
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. მასწავლებლის სახლი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს, აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ გავხდეთ საქართველოს წლის საუკეთესო მასწავლებელი? – გამოცხადდა ტოპ-5

ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა.

2019 წლის საუკეთესო მასწავლებელი სამ საგანში - ისტორიაში, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლების საგნებში გამოვლინდება. თითოეულში ერთ გამარჯვებულს დაასახელებენ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის , გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

მასწავლებლების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე დღეს, 23 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბერს დასრულდება.

იწყება მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია >>

ცენტრის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი საკუთარ თავს კანდიდატად თვითონ წარადგენს.

კონკურსში გამარჯვებული რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, უნდა ჰქონდეს საგნისა და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა, შეეძლოს შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება, იყენებდეს სწავლების ინოვაციურ და ეფექტურ მიდგომებს და ა.შ.