თბილისში უნიკალურ მასტერკლასზე ქვის ხანის იარაღს დაამზადებენ

თბილისში დაგეგმილ საინტერესო და შემეცნებით მასტერკლასზე ყველა მსურველს ეპატიჟებიან
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. 24 სექტემბერს თბილისში, ღია ცის ქვეშ, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ქვის ხანის შრომის იარაღის დასამზადებელი უჩვეულო მასტერკლასი ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაშია აღნიშნული.

თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება – პროგრამა >>

ქართველ კოლეგებთან ერთად ეროვნული მუზეუმის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში სემინარს წაიკითხავენ ამერიკელი მკვლევარები ინდიანას უნივერსიტეტიდან – კეტი შიკი და ნიკოლას ტოტი.

მეცნიერები მსურველებს აჩვენებენ ქვის დამუშავების ტექნოლოგიას და იარაღის დამზადების შრომატევად პროცესს. ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა

მასტერკლასი ორგანიზებულია მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. ლექციების, მასტერკლასების, გამოფენებისა და სემინარების პარალელურად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა მეფე დავით აღმაშენებლის დროინდელი ორიგინალური მონეტის გამოფენა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ლონდონის ბრიტანულ მუზეუმში ინახებოდა.

მონეტა, სავარაუდოდ, 1118 წელსაა გამოშვებული. საქართველოში მის შესახებ 1958 წელს შეიტყვეს, როდესაც ცნობილ ქართველ ნუმიზმატ დავით კაპანაძეს სამეცნიერო ჟურნალის The Numismatic Chronicle ნომერი გამოუგზავნეს. ჟურნალში მონეტას ქართველი მეფის გამოსახულებით მთელი სტატია ეძღვნებოდა.