თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხის დაცემის შედეგად დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
პაციენტს საავადმყოფოში შეყვანის დროს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები თავის ტვინში, ასევე ზედა და ქვედა კიდურების მოტეხილობა.
გუშინ, დოლიძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ორ ადამიანს დაეცა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი მსუბუქად იყო დაშავებული, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.