ქუთაისელი ექიმის ჯადოსნური სიტყვები, დამეგობრებული პაციენტები და „შემორიგებული“ ყვავილები

მედიცინა რომ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და პრაგმატული პროფესიაა, ეს საკამათო არ არის, მაგრამ როდესაც ექიმის ცივ გონებას ლირიზმიც ახლავს - ეს მის პროფესიონალიზმსა და პიროვნულ თვისებებს უფრო ღირებულს ხდის.
Sputnik

ასეთი ექიმები სულიერ განვითარებაზეც ზრუნავენ, ხოლო მათი ყოფილი პაციენტები ხშირ შემთხვევაში, მეგობრები ხდებიან...

სწორედ ასეთია ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი, ნინო ჩხეიძე, რომლის ბავშვობაც თეთრხალათიანების გარემოცვაში გაიარა.

ქუთაისელი ექიმის ჯადოსნური სიტყვები, დამეგობრებული პაციენტები და „შემორიგებული“ ყვავილები

- ქალბატონო ნინო, როგორც ვიცი, მედიცინა - თქვენი ოჯახისთვის ტრადიციული არჩევანია...

- დიახ, ჩვენთან დედა, მამიდა, ბებია, ბაბუა ყველანი პროვიზორები იყვნენ. ამიტომ ჩემი არჩევანი არავის გაკვირვებია. თუმცა ძერწვა და ხატვაც ძალიან მიყვარდა. ჩვენს სახლში უხვად იყო ფუნჯები, ფანქრები და აკვარელები. პირველ კლასში რომ ვიყავი პიონერთა სასახლის გამოფენაში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. ბავშვობიოდან ვწერდი პატარა ჩანახატებს და ლექსებს, რომელსაც პედაგოგები მიწონებდნენ. ერთხელ ქართულ ენასა და ლიტერატურაში რესპუბლიკურ ოლიმპიადაში თავისუფალი თემა დავწერე და პირველი ადგილი ავიღე. ერთხელ მამამ პატარა კრებული ამიკინძა და საჩუქრად მომიტანა - ეს იყო ჩემი „პირველი წიგნი“, რომელსაც დღემდე ძვირფასი რელიქვიასავით ვინახავ.თუმცა გავიდა დრო და ჩემი სურვილი პატარებისთვის მემკურნალა, უფრო ძლიერი აღმოჩნდა…

ქუთაისელი ექიმის ჯადოსნური სიტყვები, დამეგობრებული პაციენტები და „შემორიგებული“ ყვავილები

- და გამოხვედით შემოქმედებითი ნატურის ექიმი - მედიცინაში თუ გეხმარებათ ეს?

- საერთოდ შემოქმედებითი მიდგომა ყველა პროფესიაშია საჭირო, ასეთ დროს უფრო მეტი შთაგონებით და სიყვარულით აკეთებ შენს საქმეს. განსაკუთრებით მაშინ როცა პატარა პაციენტებთან გაქვს ურთიერთობა. მათი გულის მოგება და ნდობის მოპოვება ხომ ყველაზე რთულია?.. ხშირად პატარების მშობლებთან ერთად ჩვენც ვართ მათი პირველი სიხარულისა და ტკივილის თანამოზიარე, მათთან ერთად გვიხარია პირველი კბილის ამოსვლა და პირველი ნაბიჯები. ,,ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება“ -როცა ამ ჯადოსნურს სიტყვებს გულწრფელად წარმოთქვამ- სანაცვლოდ უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულს იღებ, რაც ყველაფერზე მეტია- ჰაერია!… ერთხელ წლების წინ, მომიყვანეს რამდენიმე დღის პატარა, რომლის დედა ქრისტიანი, მამა კი მაჰმადიანი იყო. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მთხოვეს, რომ მათი პატარა ქრისტიანულად მომენათლა. ის ციცქნა გოგო დღეს უკვე შვიდი წლისაა და დღემდე მარტო ექიმი კი არა, მისი სულიერი ნათესავი ვარ. ყოფილი პაციენტები დღეს ჩემი მეგობრები არიან.

ქუთაისელი ექიმის ჯადოსნური სიტყვები, დამეგობრებული პაციენტები და „შემორიგებული“ ყვავილები

- ალბათ ასეთი ადამიანური მომენტები გახდა თქვენი ლექსებისა და ნოველების დაწერის შთაგონების წყარო?

- დიახ, ჩემი ნაწერების ძირითადი თემა ხდება სიყვარული, ადამიანური ურთიერთობები და განცდები, რომელსაც სიტყვებითა და შენეული ხედვით კინძავ და შენეულ სახელს არქმევ. დღეს სულაც არ არის ძნელი წიგნი გამოსცე, თუმცა ამაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან სიფრთხილეს ვიჩენ- საკუთარი ფიქრების საზოგადოებისთვის წარდგენა ძალიან საპასუხისმგებლოა. კიდევ მიყვარს ბუნებაში ყოფნა, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ელექსირია. კარს მომდგარი შემოდგომა ამაში განსაკუთრებით გვარწმუნებს. ფერების საოცარი ალიაქოთი, ქარვისფერი ყურძენი და მაჭრის სურნელი, გზაზე ქარისგან განწირული ფოთლების კორიანტელი- ყველაფერი ეს საოცრებაა და ჩვენ ამ საოცრების მხილველი და დამფასებელი ვართ...

ქუთაისელი ექიმის ჯადოსნური სიტყვები, დამეგობრებული პაციენტები და „შემორიგებული“ ყვავილები

- ფლორისტიკით ხართ გატაცებული - რა სახის ყვავილებია თქვენს პატარა ედემში?

- რთულია თავისუფალი დროის გამონახვა ბაღში სამუშაოდ, მაგრამ ხომ იცით, თუ რამე გიყვარს და გულით გინდა, მოხარეხებ. ყოველ დილით როცა ვიღვიძებ, ეზოში ჩემს ყვავილებს ვაკითხავ. დავდივარ და შევხარი მათ, ისინი წყალსა და სიყვარულს მოწყურებული ადამიანივით შემომციცინებენ. ჩემს ბაღში ხარობს: ჰორტენზია, გეორგინები, ვარდი, მათ შორის ჩინური ვარდიცაა, ასევე მაქვს ნაირფერი ბალბა, სხვადასხვა ჯიშის ნაძვი, ოთახის იები და ფინიკის პალმა, სამების ტაძრის ეზოდან წამოღებულმა ყვითელი ფერის ვარდებმაც იხარეს და გამახარეს. შეუდარებელი ყვავილები ჰქონდა წელს ჩემს კაქტუსებსაც...

ქუთაისელი ექიმის ჯადოსნური სიტყვები, დამეგობრებული პაციენტები და „შემორიგებული“ ყვავილები

- ყვავილებს ხშირად ადამიანებს ადარებენ ხოლმე...

- საამისო საფუძველიც არის: ყვავილების ხასიათი ადმიანისას ჰგავს: ზოგს მზე უყვარს, ზოგს ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. წყენა და გაბუტვაც იციან. თუ წყალი ბევრი მოგივიდა ან მიწა არ გაუფხვიერე, ზურგს გაქცევენ და მერე მათი “შემორიგება” მოგიწევს. ხმელი ყვავილების შეგროვების სურვილი კი ჩემი დისგან ,,გადმომედო,, -მათგან პატარა კომპოზიციებს ვაწყობ და ჩემს კუთხე-კუნჭულს ვალამაზებ. მინდა ყველას, ვინც ჩემს ბაღში ცოტა ხნით მაინც შეისვენებს, აქედან ჩემი ყვავილების სურნელი, სიმშვიდე და სილამაზე გაჰყვეს...