თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ახალგაზრდულმა მოძრაობამ „სირცხვილია“ საქართველოს პარლამენტის წინ აქცია დაასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გრანდიოზული გეგმები დასახა.
საპროტესტო მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, მიშა მშვილდაძის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ და პირადად მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრად გიორგი გახარია აირჩიეს, მათ თავიანთ თავზე აიღეს გახარიას მთელი პასუხისმგებლობა 20–21 ივნისის მიტინგის დაშლის შედეგებზე.
ქვეყანაში შექმნილი ახალი რეალიების გათვალისწინებით, მოძრაობამ „სირცხვილია“, რომელსაც პროდასავლური ოპოზიცია, ძირითადად, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ უჭერენ მხარს, სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
მომიტინგეთა მთავარი მიზანი – „ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა“, განაცხადა დღევანდელ, დასკვნით პერმანენტულ აქციაზე ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.
ამ მიზნით მოძრაობა „სირცხვილია“–ს ლიდერები მთელ ქვეყანაში გეგმავენ აქტივისტების მობილური ჯგუფების, რომლებიც ხელისუფლებას „სიმშვიდეს არ აღირსებენ“ და ასევე იურიდიული ჯგუფების შექმნას, რომლებიც დაეხმარებიან 20–21 ივნისის აქციის დროს დაკავებულებსა და მოძრაობის წევრებს. ამასთან შეიქმნება მედიაპლატფორმები „ივანიშვილის პროპაგანდულ მასმედიასთან“ ბრძოლის მიზნით.
დასასრულს დიღმელაშვილმა განაცხადა: „ჩვენ არასდროს დავნებდებით!“
„მივიღეთ გამოწვევა, რომელიც ივანიშვილმა გამოგვიცხადა, როდესაც გახარია პრემიერად დანიშნა... ჩვენ მივალთ ყველგან, სადაც იქნება მთავრობა“, – განაცხადა აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაკარაშვილმა.
მისი სიტყვებით, მოძრაობა „სირცხვილია“ შეუტევს „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა ფლანგიდან, რათა 2020 წლის არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს, ყოველგვარი ზეწოლის, შიშისა და დაშინების გარეშე“.
ახალგაზრდული მოძრაობის მთავარი ლოზუნგია: „ყველა ერთის წინააღმდეგ“.
ახალგაზრდა აქტივისტებს დღეს შეუერთდნენ წამყვანი ოპოზიციური პარტიების – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები. იყვნენ სხვა პარტიების ლიდერებიც – „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, პარლამენტის ექს–სპიკერი დავით უსუფაშვილი.
მომიტინგეებს მხარი დაუჭირა და აქციაზე სიტყვით გამოვიდა ახალი მოძრაობა „ლელოს“ და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი იშლება.
აქტივისტები და ხელისუფლების მთავარი ოპონენტები გახარიას და ახლა უკვე მთელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ 20–21 ივნისის აქციის სასტიკად დაშლაში.