დასუფთავების მსოფლიო დღე: საქართველო გლობალურ აქციას უერთდება

პლანეტის დასუფთავების იდეა პირველად ესტონეთში დაიბადა
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik.  საქართველო ზედიზედ მეოთხედ  შეუერთდება მსოფლიოს დასუფთავების  დღე World Сleanup Day 2019–ს და საერთაშორისო კამპანია  Let's Do It! World–ს, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართება, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ შაბათობის ორგანიზატორებმა.

ეს ინიციატივა ესტონეთში 2008 წელს დაიბადა. მაშინ დაახლოებით  50 ათასმა ადამიანმა დაასუფთავა მთლიანი ქვეყანა დაახლოებით 5 საათში. მას შემდეგ აღნიშნული იდეა  სხვა ქვეყნებმაც აიტაცეს.  

დღეისთვის გლობალურ აქციაში 157 ქვეყანა და 18 მლნ–მდე ადამიანი მონაწილეობს. 

დედამიწის დღე: დასუფთავების აქცია თბილისში

2018 წელს საქართველოში გამართულ მსოფლიო დასუფთავების აქციაში 32 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წელს დასუფთავების აქცია ქვეყნის ქალაქებისა და სოფლების 150 ლოკაციაზეა დაგეგმილი.

ღონისძიების ქართველი ორგანიზატორების სიტყვებით, მოსახლეობის მხრიდან აქციისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

 „თბილისის მოსახლეობა აქციაში მონაწილეობას მიიღებს რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების ფარგლებში. თან არაფერი წამოიღოთ. ხელთათმანები, ტომრები აქციის მონაწილეებს ადგილზე დახვდებათ. ყველა აქტივისტს ველოდებით შაბათს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 10:45 საათზე“, – განაცხადეს  Let's do it Georgia–ს ორგანიზაციაში.

21 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი აქცია  გაიმართება კრწანისის ტყეპარკში 210 ჰექტარ ტერიტორიაზე, შაბათობის ორგანიზატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო. შაბათობაში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ასევე მოხალისეები.