ბავშვების პორნოფოტოების საქმე: შსს-ს წარმომადგენელი დეტალებზე საუბრობს

საქართველოს შსს არკვევს, რას საქმიანობდნენ ქვეყანაში უცხოელები, რომლებიც ბავშვების პორნოგრაფიული ფოტოების საქმეზე დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არასრულწლოვნების პორნოგრაფიული ფოტოების გადაღებისა და ამ ფოტოების გაყიდვისთვის დააკავეს, ქვეყანაში რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ, განაცხადა Palitra TV-ს ეთერში შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

არასრულწლოვანებით ვაჭრობის, ასევე პორნოგრაფიული ფოტოების წარმოება-რეალიზაციის ქსელი ერთობლივად გამოავლინეს საქართველოს, აშშ-ის, ავსტრალიის პოლიციამ, ასევე ევროპოლის წარმომადგენლებმა. პოლიციის ოპერაცია სამი თვე გრძელდებოდა.

მშობლების მიერ შვილების პორნოსესიებით ვაჭრობის საქმე: რას შეუფარდებენ დაკავებულებს

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ. და ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული პ.ლ. დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები.

„ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქეები წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ და ნაქირავებ ბინაში მოწყობილ სპეციალურ სტუდიებში აწარმოებდნენ თავიანთ საქმიანობას. ეს ადამიანები დიდი ხანია აკეთებდნენ ამას. საუბარია რამდენიმე თვეზე. ჩვენ პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას მათი წარსული საქმიანობის შესახებ. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე თვე ისინი ჩართული იყვნენ ასეთ საშინელებებში", – განაცხადა ჭელიძემ.

საქართველოში პორნო საიტებზე შეზღუდვა დაწესდება>>

გამოძიებამ დაადგინა, რომ უცხოელები ბინებში უკანონოდ მოწყობილ ფოტოსალონებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, იღებდნენ პორნოგრაფიულ მასალას. გადაღებებში, მშობლების თანხმობით, დაახლოებით ათი 8-დან 14 წლამდე გოგონა მონაწილეობდა. პორნოგრაფიული ფოტოსესიისთვის უცხოელები 500-დან 3 ათას ლარამდე იხდიდნენ.

თბილისში მშობლები შვილების პორნოსესიებით ფულს აკეთებდნენ: დაკავების კადრები

„მათ აქვთ გარკვეული ფინანსები, საუბედუროდ, ორგანიზატორები ფლობენ გარკვეულ ფინანსებს, რითიც ხიბლავენ მსხვერპლს და მათ თანამზრახველებს, რომელთა შორის იყვნენ ახლობლები და მშობლებიც, ფინანსური დაინტერესებით მოახერხეს ის, რომ შექმნეს ასეთი დანაშაულებრივი ჯგუფი და განახორციელეს ის საშინელება, რასაც აკეთებდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში", – აღნიშნა ჭელიძემ.

გადახდა ხდებოდა როგორც ნაღდი ფულით, ისე საბანკო გადარიცხვებით. ბოროტმოქმედები ფულს თბილისში დადგმული კრიპტომატებიდან ხსნიდნენ.

ჭელიძის განცხადებით, დამნაშავეებს აქვთ დახურული პლატფორმები, რომლებიც ამგვარი ტიპის დანაშაულებისთვის არის შექმნილი – ასეთი მასალების ჩატვირთვისა და გავრცელებისთვის. საფინანსო ანგარიშსწორებისთვის დახურულ ფინანსურ რესურსებს იყენებდნენ. ისინი ტრანზაქციებს კრიპტოვალუტის გამოყენებით ახორციელებდნენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნამდვილად მოხდა გარკვეული მასალების გაცვლა და მათ ამისთვის მოგება მიიღეს.

კოლექტორებმა ინტერნეტით მევალის არასრულწლოვანი ქალიშვილის პორნოკოლაჟი გაავრცელეს>>

ჭელიძის თქმით, შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის დანაყოფი მუშაობს იმაზე, რომ ამ ფოტოებზე წვდომა არავის ჰქონდეს.

„ჩვენი ტექნიკური ჯგუფი სრულადაა ჩართული, რათა ასეთი ტიპის დახურულ პლატფორმებზე წვდომა შეიზღუდოს. გარკვეული ინფორმაციები უკვე დავბლოკეთ საქართველოს ინტერნეტ-სივრცეში. შესწავლილი გვყავს ის წრე, სადაც პოტენციურად შესაძლებელია ასეთი ტიპის ინფორმაციის გენერირება და საერთაშორისო პარტნიორები საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან იმ პროცესს, რომ არ მოხდეს მთავარი რამ – ამ ბავშვების ვიდეომასალის თუ ფოტოების საჯარო წყაროებზე დაშვება და წვდომა. ნებისმიერი საშუალება იქნება გამოყენებული მათი ბლოკირებისთვის", – აღნიშნა ჭელიძემ.

გერმანელებმა ბიტკოინის ბლოკჩეინში ბავშვთა პორნოსაიტების ასობით ბმული აღმოაჩინეს

რაც შეეგება თავად გოგონებს, პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ ისინი ოჯახებს ჩამოაშორეს.

„ჩავრთეთ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. ბავშვების ნაწილის დისტანცირება მოვახდინეთ მშობლებისგან და იმ სახიფათო წრიდან, სადაც ისინი შეიძლება გარკვეული საფრთხის წინაშე ყოფილიყვნენ და ამ კუთხით გრძელდება მუშაობა, რათა ბავშვების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული", – განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, გამოძიებას დაკავებულების ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი მასალა გააჩნია. გამოძიების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იყო, რადგან ასეთ საქმეებში მტკიცებულებების მოპოვება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეიქმნა მტკიცებულებების დიდი ბაზა, რათა დამტკიცდეს დაკავებულების დანაშაული და წარმატებით დასრულდეს ეს საქმე, აღნიშნა ჭელიძემ.

სხვა დეტალების გახმაურებისგან მან თავი შეიკავა, რათა საიდუმლოდ დარჩეს ბავშვების ვინაობა.

პორნოსაიტის თანამშრომელმა კლიენტი „ჩაუშვა“ - პედოფილი დაკავებულია

ამასთან, ქართულ მასმედიაში გამოარკვიეს, რომ დაკავებულების ნაწილი გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა. ამ სოფელში 2011-2012 წლებში პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში პედაგოგად მუშაობდა ერთ-ერთი დაკავებული უცხოელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.